ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტის, კახაბერ იოსელიანის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ქვეყანაში კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს. გარდა ამისა, მისი თქმით, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება 16 წლამდე ასაკის პირს შეეზღუდოს. ამ საკითხების შესახებ კახაბერ იოსელიანმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ჩვენ და სხვადასხვა უწყება, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლობა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომისია ჩართულია კანონპროექტის შემუშავებაში.
ყველა მნიშვნელოვანი საკითხია გათვალისწინებული, რაც საჭიროა, რომ ამ სფეროში დარეგულირდეს, მათ შორის ცხოველების უკონტროლო მომრავლება, ცხოველთა უფლებების გათვალისწინება, ის შეზღუდვები, რაც ცხოველთა უფლებებს მოჰყვება.
მსჯელობის საგანია, როგორც არის ევროპის ქვეყნებში, კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება საერთოდ აიკრძალოს თუ არა. მაგალითად, პიტბულის ჯიშის ძაღლი. თუ შევა ეს შეზღუდვა ძალაში, მას არ ექნება უკუძალა. ცხოველის პატრონს, რომელსაც მსგავსი ჯიშის ძაღლი ჰყავს, არ მოუწევს, რომ ცხოველი გააქროს, ან დააძინოს.
ეს შეზღუდვა კანონის ძალაში შესვლიდან შემდგომ პერიოდზე გავრცელდება. თუ აიკრძალება პიტბულის ჯიშის ან სხვა აგრესიული ჯიშის ძაღლის გამრავლება , მაშინ ვერ მოხერხდება ასეთი ჯიშის ძაღლის შემოყვანა“, – განაცხადა კახაბერ იოსელიანმა.
იოსელიანის თქმით, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს კანონპროექტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრესიული ჯიშის ძაღლების გასეირნება გარკვეულ საათებში ალიკაპით და საბელით იქნება საჭირო. ამასთან, განსაზღვრული იქნება კონტეინერით გადაადგილება.