ცოტა ხნის წინ, მეცნიერთა გუნდმა ანტარქტიდის სქელი ყინულის ქვეშ მდინარეთა უზარმაზარი სისტემა აღმოაჩინა, რომელიც 460 კილომეტრი სიგრძისაა. ის შესაძლოა, კლიმატის ცვლილების პარალელურად, ყინულოვანი საფარის დნობის პროცესს აჩქარებდეს.
მკვლევარების მტკიცებით, ამ გიგანტურ რეზერვუარში წყალი გერმანიისა და საფრანგეთის საერთო ტერიტორიის ეკვივალენტური არეალიდანაა გაერთიანებული. ეს ნიშნავს, რომ ყინულის ფსკერზე წყალი იმაზე აქტიურად მიედინება, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ.
კვლევაში სპეციალისტებმა ყინულოვანი საფარის ჰიდროლოგიური და სარადარო მონაცემები შეაჯერეს, რათა გაეგოთ, რა იმალებოდა ამ სქელი ზედაპირის ქვეშ. ისინი კონცენტრირდნენ მიუდგომელ რეგიონზე, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ ანტარქტიკის საფარის ყინულს შეიცავს და უედელის ზღვამდე ვრცელდება.
ანტარქტიდაზე ზაფხულობით ძალიან ცივა იმისთვის, რომ საკმარისი მოცულობის ყინული დადნეს და ასეთი ღრმულების გაჩენა განაპირობოს, ამიტომ ვარაუდობდნენ, რომ ყინულის ფსკერზე უმნიშვნელო ოდენობის წყალი იყო.
ბოლო კვლევა საპირისპიროს ამტკიცებს და ცხადყოფს, რომ ლღობის შედეგად მიღებული წყალი მდინარეთა მთელ სისტემას “კვებავს“. მეცნიერები არ გამორიცხავენ რომ ანტარქტიდამ გრენლანდიის ბედი გაიზიაროს, სადაც ყინული ბევრად სწრაფად დნება. ისინი გეგმავენ შეისწავლონ, თუ როგორ აისახება ეს პროცესები პლანეტაზე.
ავტორი