მესაქონლეობის ფერმის ასაშენებლად რკ „გურული ნობათს“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 15 505 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 1 ლარად გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაცია არა ერთ საინფორმაციო სააგენტოში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვიგებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რკ “გურული ნობათი” ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ რძესა და ხორცის პროდუქტებს წარმოებას აპირებს. კომპანიაში 70 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება და 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
კომპანია წელიწადში სულ მცირე 32 000 კგ. ყველის, 15 000 კგ. საქონლის ხორცის, 275 000 ლ რძის და 20 000 კგ. ღორის ხორცის წარმოებას და ბაზრისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული იქნება. რეალიზება განხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, უცხოეთში.
“გურია ნიუსი“ პროექტის დეტალებით დაინტერესდა. კოოპერატივი “გურული ნობათის“ თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ოზურგეთში, ჩოლოქის ტერიტორიაზე (გურია-აჭარის საზღვართან) აუქციონზე გამოტანილი 7 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი იყიდა, მაგრამ მარტო მან არა.
“ფული არ მეყო და სხვებმაც იყიდეს. მიწის ნაკვეთზე 2000-სზე მეტი ნერგი მაქვს დარგული, ხეხილის ბაღია. შემდეგ გადავწყვიტე მესაქონლეობის ფერმის გაკეთება. უკვე დაწყებული მაქვს პროექტის განხორციელება და ორ წელიწადში უნდა დავასრულო. მე კი მინდა ექვს თვეში ავაშენო, მაგრამ ასე, არ ხდება. მიწის ნაკვეთის გადმოცემას არ დააყენეს საშველი. მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს შევიტანე საქართველოს მთავრობაში პროექტი. იმის შემდეგ მესამე პრემიერი ჰყავს უკვე საქართველოს და როგორც იქნა მიწის ნაკვეთი გადმოგვცეს. ეს პროექტი “აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მოვიგეთ. 20 დღის წინ პრემიერმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი ბრძანებას, აქედან გამომდინარე დავიწყეთ მუშაობა. მიწის ნაკვეთზე 15 კაცი მუშაობს ახლა,“ _ გვითხრა ზაქარეიშვილმა.
ზაზა ზაქარეიშვილის თქმით, გურიაში ბიზნესის დაწყებამდე, ახალციხეში ჰქონდა ფერმა.
“150 სულამდე საქონელი მყავდა. მოხდა ისე, რომ ყველა ჩასვლამდე მცირდებოდა ამ საქონელის რიცხვი, ზოგს რა დაემართა და ზოგი კიდევ მგელმა დაჭამა. ამის შემდეგ გადავწყვიტე ახალი ბიზნესის დაწყება ოზურგეთში,“_თქვა ზაქარეიშვილმა.