ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, საკრებულოს სხდომის დაწყებისთანავე, თავმჯდომარემ დავით დარჩიამ აღნიშნა, რომ საკრებულოში შეიქმნა ახალი საინფორმაციო ანალიტიკური და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება, სადაც დასაქმებული იქნება 6 ადამიანი. როგორც დარჩიამ განმარტა, ამის აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ საჯარო მოხელეები მობილობის წესით უნდა შეირჩნენ და დაინიშნონ ამა თუ იმ თანამდებობაზე. „გურია ნიუსის“ მიერ მოძიებული ინფორმაციით, აღნიშნული განყოფილების უფროსად დარჩიას მეგობარი, მისი მარჯვენა ხელი, ბოლო არჩევნებზე პარტიისთვის თავგადადებული მებრძოლი, მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის განყოფილების უკვე ყოფილი უფროსი გელა ჭანუყვაძე ინიშნება. აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდით საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას, რომელმაც არც უარყო და არც დაადასტურა ეს ინფორმაცია, თუმცა ხაზი გაუსვა გელა ჭანუყვაძის ,,ღირსეულ ოზურგეთლობას“.
_ ჯერ არაფერი მომხდარა, თუმცა გელა ღირსეული კანდიდატი და ადამიანია, ან რომ იყოს, მერე რაა? ჯერ არ გადაწყვეტილა, მიდის კანდიდატების შერჩევა და დაკომპლექტება, _ ამბობს დარჩია.
ახალი საკრებულო სულ 21 საშტატო ერთეულით განისაზღვრა, მათ შორის არის, ასევე, ახალი შტატი _ აპარატის უფროსის მოადგილე. აპარატის უფროსის პოსტს კვლავ ნანა თავდუმაძე შეინარჩუნებს, ხოლო მოადგილედ, მობილობის წესით, ქალაქის საკრებულოს აპარატის უფროსი ზაზა შოშიტაიშვილი დაიკავებს.
ეს ინფორმაცია „გურია ნიუსთან“ საუბრისას დარჩიამ დაადასტურა. დარჩია საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი სახეები არ იქნებიან და იგი, ფაქტობრივად, როგორც წინა მოწვევის, იმავე შემადგენლობით დარჩება.
აღსანიშნავია, რომ საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ, ასევე, დარჩიას მეგობარი ია დოლიძე რჩება. დოლიძე, რომელიც საკრებულო სხდომებს, თითქმის, არ ესწრებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით დარჩია პირობას დებს: „ვინც არ ივლის სმსახურში, ის თანამდებობაზე არ იქნება. მერე რა, რომ საკრებულოში ჩემი მეგობრები არიან? ისინი ოზურგეთლები არიან, რომლებსაც ბევრი კარგი გაუკეთებიათ საკრებულოსთვის, ოზურგეთელებისთვის და მათ უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ.
ასევე, აღსანიშნავია ერთი ფაქტი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პოლიტიკური თანამდებობა უჭირავს თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი ღურჯუმელიძეს, საპასუხისმგებლო პოზიციას დაიკავებს მისი მეუღლე ნათია ზედგინიძე. პრობლემას ამაში ვერ ხედავს საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც ამბობს, რომ, ცოლ-ქმარის მუშაობა საკრებულოში არანაირი პრობლემა არ არის: „ნათია და გიორგი ჩვენი თანამებრძოლები არიან 2012 წლიდან, ორივე კარგი კადრია და მიმაჩნია, რომ ისინი საკრებულოს სჭირდებათ. როგორც დავით დარჩიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილზე გავიდა, როგორც ღია და საჯარო საკრებულო.