“ერთ დროს რეფორმატორად წოდებული მიხეილ სააკაშვილი ციხეში იტანჯება”, – ამ სათაურით სტატიას ამერიკული გამოცემა The Washington Post აქვეყნებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პარალელურად, საქართველო ევროპული ინტეგრაციის მიზანსაც ნელნელა შორდება.
გამოცემის სარედაქციო საბჭომ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც გამოთქმულია მათი პოზიცია, გამოცემა აღნიშნავს, რომ სააკაშვილი ბაიდენის მიმართ კეთილგანწყობილი იყო და “დროა ბაიდენმა ამავე კეთილგანწყობით უპასუხოს”.
,,თავის დროზე სააკაშვილი პრეზიდენტ ბაიდენს საქართველოში დახვდა, როგორც “მის ძვირფას მეგობარს”, ახლა კი არის დრო, როცა ბაიდენმა უნდა მოითხოვოს მისი გათავისუფლება.“ – წერს ამერიკული გამოცემა.
გამოცემა “ქართული ოცნების” მმართველობაზეც საუბრობს და წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება პუტინისკენ არის გადახრილი, რომლებმაც სერიოზულად დაასუსტეს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატია.
ამასთან ერთად, სტატიის ავტორი პუტინის პირად დაპირისპირებაზეც წერს მიხეილ სააკაშვილთან.
“რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს არ დაუმალავს მისი ზიზღი სააკაშვილის მიმართ, როცა მიუთითა, რომ მიხეილ სააკაშვილი “კვერცხებით უნდა დაკიდოს.” როგორც ამერიკის ელჩმა მოსკოვში, მაიკლ მაკფოლმა აღნიშნა ჩვენს ფურცლებზე, წარმატებული დემოკრატია საქართველოში ან უკრაინაში იყო ანათემა ყველაფრისთვის, რასაც პრეზიდენტი პუტინი იცავდა,” – წერს Washington Post.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საზღვარგარეთ მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, რადგან თუ სააკაშვილი დაიღუპება ციხეში, ეს დიდი ალბათობით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისიის სიკვდილიც იქნება.
ავტორი