მეცნიერების მტკიცებით, მსოფლიოს მასშტაბით ბავშვების მხედველობა სტაბილურად უარესდება და ყოველი სამი ბავშვიდან ერთს ახლომხედველობა აქვს.
კვლევის ავტორებმა არაერთ ქვეყანაში ხუთ მილიონზე მეტი ბავშვის მონაცემები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ 2050 წლისთვის ახლომხედველობა მოზარდების ნახევარზე მეტს შეეხება.
ახლომხედველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აზიაში ფიქსირდება. იაპონიაში შორს მდებარე ობიექტების დანახვა ბავშვების 85%-ს უჭირს, სამხრეთ კორეაში 73%-ს.
ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი პარაგვაისა და უგანდაში ფიქსირდება – მხოლოდ 1%.
მეცნიერების აზრით, მდგომარეობა კორონავირუსის გამო დაწესებული ლოკდაუნების დროს გაუარესდა, როდესაც მილიონობით ბავშვს დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სახლში მოუწია დარჩენა.
ექიმები დაავადების გამომწვევ მიზეზებსაც განმარტავენ. დიდ წილად ის გენეტიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, თუმცა არანაკლებ როლს ის გარემოც თამაშობს, რომელშიც ბავშვი იზრდება.
ბრიტანელი ექიმების აზრით, ახლომხედველობის განვითარების შანსების შესამცირებლად, ბავშვებმა 7-9 წლის ასაკში დღეში სულ მცირე 2 საათი უნდა გაატარონ გარეთ, მშობლებმა კი ამ პერიოდში მათი მხედველობა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეამოწმონ.