მალე, ნოემბრის ბოლოს, ციტრუსოვანთა მასობრივად კრეფის სეზონი დაიწყება.
_კი, უნდა დავიწყოთ კრეფა ნოემბრის ბოლოს, მაგრამ რას გვპირდება ამინდი? ადრე, სულ ნოემბრის ბოლოს ვიწყებდით. ახლა კლიმატი ისეა შეცვლილი, ადამიანს სულ იმის ეშინია, მოსავალი ყინვამ დ თოვლმა არ გაუფუჭოს. ცოტ-ცოტას ისეც ვკრეფთ, პურის ფულისთვის ყიდის ხალხი. თუმცა, მასობრივი კრეფა ჯერ ადრეა, _ გვითხრა სოფელ ქაქუთის მკვიდრმა ლაურა საჯაიამ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც მანდარინის ყველაზე მეტ მოსავალს იღებენ (ნატანები, შრომა, მერია, კონჭკათი, ჯუმათი…) ციტრუსოვანებს მეტ-ნაკლებად ასხია. როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, მანდარინის მყიდველი წელსაც ადგილზე მოვა. უფრო საიმედოა ის ფაქტი, რომ წელს რეალიზაციის პრობლემა ნაკლებად იქნება, რადგან უკვე ბევრი განცხადება გაჩნდა თვით სოციალურ ქსელშიც და სხვადასხვა პირები გამოთქვამენ დიდი ოდენობით მანდარინის შესყიდვის სურვილს.
დღეისთვის ოზურგეთის ბაზარზე ყველაზე კარგი ხარისხის მანდარინი არც ისე ძვირია _ ერთი კილოგრამი ორი ლარი ღირს. ნაკლები ხარისხის საღ მანდარინს კი, ერთ კილოგრამს ერთ ლარადაც შეიძენთ.
ავტორი