დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთის და სილაურის მოსახლეობის აქცია, მდინარე სუფსის კალაპოტში კარიერული წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით, გვიან საღამომდე გაგრძელდა. აქციის მონაწილეები ამაოდ ელოდნენ გარემოს დაცვითი სწრაფი რაგირების აჭარა-გურიის წარმომადგენლებს. ისინი, არაერთი სატელეფონო ზარის მიუხედავად, ადგილზე არ გამოცხადნენ.
შპს „ქიუ ემ სის“ წარმომადგენელი, იაკობ ლექვინაძე და აქციის მონაწილეები ვერაფერზე ვერ შეთანხმდნენ – მოსახლეობის წარმომადგენლები კატეგორიულად ითხოვენ წიაღის სააგენტოსა და გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელთა ჩამოსვლას.
_აუცილებლად მოვიდნენ ადგილზე, შეამოწმონ, დაასურათონ სუფსის კალაპოტი, სადაც კარიერია და დადონ დასკვნა, მიადგა თუ არა გარემოს ზიანი, დაზიანებულია თუ არა მდინარის კალაპოტის ფსკერი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მდინარე სუფსის ფსკერი სერიოზულად არის დაზიანებული და აქაურობა გაჩანაგებულია. თუ საწინააღმდეგო დამტკიცდება და აღმოჩნდება, რომ გარემოს არანაირი ზიანი არ მიდგომია, ჩვენ პროტესტს შევწყვეტთ. ოღონდ, ვინმემ ჩვენი მოტყუება არ გაბედოს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, – თქვეს აქციის მონაწილეებმა „გურია ნიუსთან“.
მათივე თქმით, ხვალ საპროტესტო აქციას გააგრძელებენ და კვლავ გადაკეტავენ კარიერიდან ამომავალ გზას, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული.