წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი თანაგუნდელებთან ერთად, სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალსოფლის, ტაბანათის, ხიდმაღალის, ჩქუნისა და გრიგოლეთის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს სუფსის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ კუკულავა წარუდგინა. ასევე, არსებული საჭიროებების შესახებ ადგილობრივებისგან ინფორმაცია მოისმინა, რომელიც ძირითადად, სოფლის ამბულატორიისა და საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას უკავშირდება.
„ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტად დარჩება ადრეული და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა, უსაფრთხო, კომფორტული, სტანდარტების შესაბამისი გარემოს შექმნა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მუნიციპალიტეტში გარკვეული სამუშაოები განხორციელდა. აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა არაერთ საბავშვო ბაღს. ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება, ვინაიდან, მომავალი თაობის ჯანსაღ გარემოში აღზრდას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მომდევნო ოთხ წელიწადში სუფსის ზონაში სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება“, – აღნიშნა მერობის კანდიდატმა.
ალექსანდრე სარიშვილმა ყურადღება ასევე, გაამახვილა ადგილობრივი საკითხების მოგვარებაში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე.