,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ალექსანდრე სარიშვილი, თანაგუნდელებთან ერთად, ზემო და ქვემო ჩიბათის მოსახლეობას შეხვდა.
მერობის კანდიდატი სოფელში არსებულ ვითარებას გაეცნო. მოსახლეობა ძირითად პრობლემად, ამ ეტაპისთვის, აზიურ ფაროსანას და მისგან მოყენებულ ზარალს მიიჩნევს. ალექსანდრე სარიშვილმა მოსახლეობას მთავრობის გადაწყვეტლებები და ის ღონისძიებები გააცნო, რომლის განხორციელებაც აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად უკვე დაიწყო.
,,დაგირიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები, სოფლებში რწმუნებულებს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საცხოვრებელ სახლებში, საკარმიდამო ფართობებსა და შენობებში. აღნიშნულ პროცესებში ხვალ დილიდან უკვე ჩაერთვება ავიაცია, რომელიც შეწამლავს საყანე ფართობებს “, – განუცხადა მხარდამჭერებს მერობის კანდიდატმა.
სარიშვილმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი თვიმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მომავალში ყველა პროექტი მოსახლეობასთან შეთანხმებით განხორციელდება. ,,შიდა გზები, ხიდები, წყალმომარაგება, გაზიფიცირება ეს ის საკითხებია, რომლებიც ყველა სოფელში მაქსიმალურად უნდა მოგვარდეს”, – აღნიშნა მან.
მერობის კანდიდატთან ერთად, ამომრჩეველს ჩიბათში ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ჩახვაძე წარუდგინეს.