ახლახან, ოზურგეთის ცენტრალურ ადგილზე, გურიის ქუჩაზე, გარემოვაჭრეები შეიკრიბნენ.
_ ჩვენ ვართ ის ხალხი, რომლებსაც პანდემიის დროს გვითხრეს, 15 დღით ადექით აქედან და მერე მოგხედავთო. კანონს და წესს დავემორჩილეთ. თუმცა , რამდენი თვე გავიდა და მხოლოდ 15 ადამიანისთვის გაჩნდა უსაშველო. ყველა დაბრუნდა თავის ადგილზე. ყველაფერი „ჩაწყობითაა“. ჩვენ კიდევ მხოლოდ ტყუილით და დაპირებით გვაცხოვრებენ. რამდენი ხილი და ბოსტნეული დაგვილპა და გადავყარეთ. ყოველთვის გვპირდება მერი, კოტე შარაშენიძე, რომ დაგვაბრუნებს, დაგვეხმარება. კარგად იცის, მის ასარჩევად როგორ დავრბოდით და გვერდში ვედექით. რატომ გვატყუებს? ახლა აქ აქცია არ გვაქვს. არ გვინდა, ჩვენს არჩეულ ხელისუფლებას ძირი გამოვუთხაროთ, ჯერ კიდევ ხათრის ქვეშ ვართ, თორემ აქციას ვანახებთ აწი. 15 ადამიანი რომ „ამოვშავდით“, ზოგი სახლში ზის, ზოგი აქა-იქ დგას ქუჩაში, ეს საქმეა? ერთი თეთრი თუ გაიმეტა ვინმემ ჩვენთვის ამ პანდემიის დროს? ჩვენსავით ვინ დაზარალდა? მშიერი გვყავს ოჯახები. დღეს გამოვიტან აქ მაგიდას, ქოლგასაც გავშლი და დავიწყებ ვაჭრობას. 12 წელი ვიდექი აქ და გამაგდეს. აქვე, ეგერ კი სამტრედიიდან ჩამოსული ხალხი დგას და ყიდიან სქონელს. ეგერ ქალბატონი, ნაყინს და წყალს ყიდის. ადრეც დგა აქ. მისთვის შეიძლება, ჩვენთვის არა? რატომ უნდა დაგვაპირისპირონ ერთმანეთს? თუ ვიღაც არ გმფარველობს, თუ ვიღაცის ნაცნობი არ ხარ, არაფრად გაგდებენ, _ თქვა მანანა ფერცულიანმა. მას დაეთანხმნენ: ნინა ალვერციანი, ეკა ჯაჭვაძე, ნაზი ტონგანიანი და სხვები.
ადგილზე მივიდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელები.
_ ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს კანონის შესაბამისად. ქუჩის პროცესში ნუ გადავალთ. უნდა შემოიტანოთ განცხადება, მერიას უნდა მიმართოთ, რომ გაიცეს ნებართვა. გასაგებია, ხალხს უჭირს, _ უთხრა გარემოვაჭრეებს გენადი კიშინსკიმ.
_ კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს და არა შერჩევით. მერი რომ გვეუბნებოდა თქვენ გვერდით ვარო, სადაა ახლა? ვიმეორებ, ჩვენ ვამბობთ, მოგვხედეთ და მოგვეხმარეთო! აგერ, ტელეფონში მაქვს ფოტოები, რამდენი პროდუქტი გამიფუჭდა. დღეს ვიწყებ მუშაობას. მორჩა, ვდგები ჩემს ძველ ადგილზე, _ თქვა მანანა ფერცულიანმა და დაიკავა ადგილი, სადაც გასულ წელს იდგა. თან დააზუსტა, რომ არამარტო შარშან, 12 განმავლობაში აქ იდგა და ვაჭრობდა.