1960-იანი წლები დაიწყო ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტის ჯონ კენედის არჩევით. ახალგაზრდებმა დაიჯერეს, რომ კენედის მეთაურობით ამერიკაში შესაძლებელია ყველანაირი გარდაქმნა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომმა ორმა ათეულ წელში მომხდარმა ამბებმა _ ცივმა ომმა, ზესახელმწიფოების დაპირისპირებამ და ქვეცნობიერმა შიშმა მოსალოდნელი მსოფლიო კატაკლიზმის წინაშე ყოველი ადამიანის გონება-გულში შეაღწია. ასეთი სწრაფი სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებების, უზრუნველყოფილი და მომხმარებელთა მზარდ საზოგადოების სამყაროში გაიზარდა და დავაჟკაცდა 60-იანელთა თაობა. მარტო ომის საწინააღმდეგო პროტესტი არ ყოფილა იმდროინდელი მთავრობის თავის ტკივილი.
1963 წლისთვის გაიჟღერა ერთმა იქამდე მიძინებულმა პრობლემამ _ შავკანიანთა ანუ აფრო ამერიკელთა პრობლემამ. შავკანიანთა ლიდერები დაიღალნენ იმის ცქერით, თუ როგორ ჰკლავდნენ, გაზით წამლავდნენ, ხელკეტებით სცემდნენ და აპატიმრებდნენ მათ მოძმეებს. ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ძალისმიერი მეთოდების მომხრე იყო აცხადებდა: ,,მათ გვასწავლეს მოკვლა ვიეტნამში, ახალა დადგა ბრძოლის დრო შეერთებულ შტატებში. ჩვენ არ დაგვიტოვეს ალტერნატივა გარდა იმისა, რომ იარაღით ხელში მოვიპოვოთ სახლები, მიწები და მაღაზიები და ჩვენვე ვაკონტროლოთ ეს საზოგადოება”. შავკანიანთა ამერიკელების ბრძოლამ თანასწორობისათვის 1960-იანი წლების შუაში კულმინაციურ წერტილს მიაღწია. მაშინ გამოჩნდა შავკანიანი ლიდერი მარტინ ლუთერ კინგი, რომელმაც მიიქცია საზოგადოების ყურადღება თავისი მჭერმეტყველებით და შავკანიანებს ღირსების გრძნობა გაუღვივა: შავკანიანები აშშ-ს ისეთივე სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან, როგორც სხვები. კინგს სჯეროდა რომ რასობრივ სეგრეგაციის დაძლევა არაძალადობრივი პროტესტის გზით შეიძლებოდა, მათგან განსხვავებით ვინც შავკანიანთა მიერ ძალაუფლების მოპოვების საჭიროებას ნებისმიერი, მათ შორის ძალისმიერი გზით ქადაგებდა. 1963 წელს მოეწყო მასობრივი მიტინგები, რომელთა შორის ყველაზე დიდი ე. წ. ,,ვაშინგტონის მარში” იყო. მაშინ 200 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა ქვეყნის დედაქალაქში, რათა დაედასტურებინა თავისი მხარდაჭერა ყველა ადამიანის თანასწორობისათვის. ამ დღის კულმინაციური წერტილი მართინ ლუთერ კინგის გამოსვლა გახდა, რომელმაც ისტორიული სიტყვები წარმოთქვა: ,,მე ვოცნებობ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჯორჯიის წითელ მთებზე ყოფილი მონების შვილები და ყოფილი მონათმფლობელების შვილები ერთად მიუსხდნენ ძმობის მაგიდას”.
1963 წლის ნოემბერში მომხდარმა კენედის მკვლელობამ მთელი ამერიკა შესძრა და შოკში ჩააგდო. სამოქალაქო ომის შემდეგ უპრეცენდენტო არეულობამ ამერიკის 128 ქალაქი მოიცვა. ადგილი ჰქონდა ძალადობას სამხრეთის შტატებში, მაგალითად როცა ალაბამაში შავკანიანთა ეკლესია ააფეთქეს და მას ოთხი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. 1964 წელს ჰარლემი გადაიბუგა. 1965 წელს ლოს ანჯელესის შემოგარენში მდებარე ქალაქ უოთსში მომხდარმა არეულობამ ქალაქი ლამის მიწასთან გაასწორა. უოთსის არეულობა, რომელიც 6 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, ყველაზე მძაფრი იყო 1992 წლის ლოს ანჯელესის გამოსვლებამდე. მაშინ შეტაკებებში 34 ადამიანი დაიღუპა, 1032 დაშავდა და 3952 დაპატიმრებულ იქნა. 1967 წელს ამერიკა სულ ახლოს იდგა ნაღდ რევოლუციასთან. ვიეტნამის ომმა ამერიკაში გადაინაცვლა. პოლიციელები და სამხედროები ებრძოდნენ სნაიპერებს, ბომბისტებს და მაროდიორებს. არეულობები და უწესრიგობანი ხდებოდა ყველა დიდ ქალაქში _ ჩიკაგოში, ნიუ იორკში, ქლივლენდში, ბოსტონში და ბაფალოში. ჩიკაგოში წესრიგის ოთხი ათასი გვარდიელი იცავდა, ხოლო დეტროიტში 4 700, შეტაკებების შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა, 2250 დაშავადა, 4 ათასი დაპატიმრებულ იქნა, ხოლო ზარალმა 250 მილიონი დოლარი შეადგინა. ,,ქალაქი 1945 წლის ბერლინს ჰგავდა”, _ თქვა მოგვიანებით ქალაქის მერმა.
1970 წლის 18 მაისს გვარდიელებმა კენტში ცეცხლი გაუხსნეს სტუდენტებს, რომლებიც მათ ქვებს უშენდნენ: ოთხი გარდაიცვალა და რვა დაიჭრა. 1963-68 წლებში ამ სოციალურ-პოლიტიკურ გამოსვლებში მონაწილეობდა ორ მილიონ ადამიანზე მეტი. დაზარალდა 9 ათასი, დაიღუპა 200. ,,ამერიკას რაღაც საშინელება მოსდიოდა და არავინ იცოდა როგორ და რატომ ხდებოდა ეს”. მნიშვნელოვნად გაიზარდა სისხლის დანაშაულებათა რიცხვიც. მოსახლეობა პანიკამ მოიცვა, ადამიანებს გარეთ გასვლისა ეშინოდათ. 1968 წელს ჩატარებულმა გამოკითხვებმა ცხადყო რომ რესპოდენტთა 65%-თვის დანაშაული და ძალადობა ქვეყნის ყველაზე სერიოზული პრობლემაა. ქვეყანაში გამეფებული ძალადობის გამო გამოკითხულთა 51%-მა პროცენტმა განაცხადა რომ იგი გამოიყენებდა იარაღს თუ ვინმე მის სიცოცხლეს დაემუქრებოდა. კენედის მოკვლის შემდეგ, ახალი პრეზიდენტი ჯონსონი დაუყონებლივ შეუდგა სამოქალაქო უფლებების დამცავი ღონისძიებების გატარებას. გამოიყენა რა მთელი თავისი ავტორიტეტი, მან დაარწმუნა სენატი შეეწყვიტა დებატები და უზრუნველყო 1964 წლის სამოქალაქო უფლებების აქტის დამტკიცება, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში კანონგარეშედ აცხადებდა დისკრიმინაციის ყველა შემთხვევას. მომდევნო წელს მან მიაღებინა კანონი, რომელიც ცნობილია 1965 წლის ,,საარჩევნო უფლებების აქტის” სახელწოდებით.
ამ კანონის თანახმად ფედერალურ ხელისუფლებას ეძლეოდა უფლება ხმის მიმცემთა რეგისტრაციის დროს დაენიშნა ზედამხედველი იქ, სადაც ადგილობრივი ოფიციალური პირები შეუძლებლად მიიჩნევდნენ შავკანიანთა რეგისტრაციას. ამ კანონის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ სამხრეთ შტატებში 400 ათასი შავკანიანი იქნა რეგისტრირებული. 1968 წელს ამ რიცხვმა ერთ მილიონს მიაღწია და ამომრჩეველ შავკანიანთა რაოდენობა არსებითად გაიზარდა. 1968 წელს რამდენიმე თვის ინტერვალით მართინ ლუთერ ქინგი და სენატორი რობერტ კენედი მოკლეს. ეს ორი მკვლელობა ბევრი ადამიანისთვის სამოქალაქო უფლებებსა და ომის საწინააღმდეგო მოძრაობაში უდანაშაულობის, იდეალიზმისა და ცვლილებების დასასრულს ნიშნავდა. ბრძოლის სულისკვეთების ზრდამ, რომელთანაც გარდაუვლად იყო დაკავშირებული ბზარის გაჩენა კონსერვატიული განწყობილების გაძლიერების გამო, ერის ფსიქიკას დაასვა დაღი, რომლისგან განკურნებას წლები დასჭირდა და ალბათ, კიდევ დასჭირდება.