გავლენიანმა ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე ძვირად ღირებული უძრავი ქონების ობიექტების სია, რომელიც იყიდება.
პირველ ადგილზე „ფლერ დე ლუსი“ (მამული, სახელწოდებით „შროშანი“) გავიდა. მისი ღირებულება 125 მილიონი დოლარია. ეს სახლი ბევერლი ჰილზზე მდებარეობს. მისი მეპატრონე ტეხასელი მილიარდერი დეივიდ სეპერსტაინია, რომლის სახლიც 4,1 ათასი კვადრატული მეტრი ფართობისაა. ბიზნესმენმა ის მეოცე საუკუნის ბოლოს ააშენა და მეუღლეს მიუძღვნა, რომელიც ახლა მის გაყიდვას აპირებს.
რეიტინგში მეორე ადგილი მამულმა „ტრანქუილიტიმ“ („სიმშვიდე“) დაიკავა, რომელიც ტაჰოს ტბის სიახლოვეს მდებარეობს და მისი ღირებულება 100 მილიონი დოლარია.
მესამეა 4 660 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული მამული, რომელიც ლოს-ანჯელესის გარეუბანში, ბელ ეარსზე მდებარეობს. მისი ფასი 85 მილიონი დოლარია. ეს გარეუბანი, ბევერლი ჰილზსა და ჰოლმბი ჰილზთან ერთად, ამერიკის „პლატინის სამკუთხედს“ ქმნის და ამ ტერიტორიებზე სახლები ყველაზე ძვირი ღირს.
მეოთხე ადგილზე გავიდა მამული „დანელნ ჰოლი“, რომლის ფასიც 75 მილიონია. ანალიტიკოსების განცხადებით, ეკონომიკურმა კრიზისმა ყველაზე მეტად ელიტარული მამულები და სახლები აზარალა. თუ ადრე რეალტორები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ძვირად ღირებულ უძრავ ქონებას ფასი არ დააკლდებოდა, ახლა აზრი შეიცვალეს – ამერიკაში უკვე თითქმის აღარავინ ყიდულობს 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების სახლებს.
ავტორი