“ამიხსენით გარემოს დაცვა რას ნიშნავს და განმიმარტე ამ სიტყვის მნიშვნელობა – ამ კითხვით დღეს სოფელ მაკვანეთში გამართულ აქციაზე სოფლის ერთ-ერთმა მკვიდრმა მოგვმართა მედიის წარმომადგენლებს.
“თუ გარემოს იცავენ, ერმა დაავალა იმ ორგანიზაციას, რომელსაც ეხება მისი დაცვა, მაშინ ეს როგორი დაცვაა?! წყალი მოგვისპეს, აღარ არის ჭებში მთელი გაზაფხული და ზაფხული, ჟანგბადი არ არის.“ – თქვა აქციის მონაწილემ.
აქცია, რომელიც სოფელი მაკვანეთში გაიმართა, პირველი არ არის და სავარაუდოდ, არც უკანასკნელი იქნება. მოსახლეობის ერთი ნაწილი მდინარე ბჟუჟიდან ინერტული მასალის გატანას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს განაცხადეს, რომ სანაპირო ზოლში საშინელი მდგომარეობა არის, საქმე იქამდე მივიდა ხეები ხმება.
“რატომ არის ასეთი მდგომარეობა საქართველოში, როდესაც ხალხს ხელისუფლებისგან დახმარება სჭირდება და პატრონი არავინ არის. როდემდე უნდა იაროს მძიმეწონიანმა მანქანებმა სოფელ მაკვანეთში, ამასთან დაკავშირებით სრული პასუხი არ გვაქვს. ეს მანქანები, რომლითაც მდინარე ბჟუჟისგან გადააქვთ ინერტული მასალა, ყველაფერ უბედურობას გვიქმნის. გზა გააკეთეს – ფუჭდება, წყალი გვქონდა ჭებში – აღარ არის, ძილი გვქონდა – ესეც არ გვაქვს, ერთხელ და სამუდამოდ, მოგვხვედოს ხალხს ხელისუფლებამ, თორემ ყოველდღე გამოვალთ და გავაპროტესტებთ ამ უკანონობას“ – ითქვა აქციის დროს.
აქციის მონაწილეებმა, ასევე, გაგვიმხილეს, რომ ერთი პერიოდი მანქანების გადაადგილება შეჩერებული იყო, მაგრამ ახლა თავიდან დაიწყეს მოძრაობა.
“გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარია და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე ჩაერთო საქმეში და დაახლოებით ორ კვირაზე მეტი არ ჩადნენ მანქანები სოფელში, ახლა ისევ ჩქარ ტემპში ეზიდებიან ინერტულ მასალას. ისე დადიან, რომ მათ ხმაზე სახლებს უკვე ბზარი გაუჩნდა.“- გვითხრეს აქციის მონაწილეებმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსის, ეკატერინე მგელაძის ინფორმაციით, სოფელ მაკვანეთის მცხოვრებლების მოთხოვნა მათვის ცნობილია და უკვე ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა და მისმა მოადგილემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს გიორგი ჩერქეზეშვილს და შპს “კომპანია ბლექ სი გრუპი“-ს დირექტორს ამირან მამუჭაძეს წერილობით მიმართეს. ამ ეტაპზე პასუხი წერილზე არ არის მიღებული მერიაში.
აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის ოზურგეთის ოფისის წარმომადგენლები. ოფისის ხელმძღვანელის თამაზ ტრაპაიძის თქმით, ისინი გამოითხოვენ ყველა დოკუმენტს და შეისწავლიან საქმეს.
“გურია ნიუსი“ ამ თემასთან დაკავშირებით საგაზეთო სტატიაში მოგითხრობთ.