დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა მოსალოდნელია, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს პანიკის საფუძველი, რადგან მსოფლიოს კორონავირუსის დამარცხება შეუძლია.
“როცა ეპიდემია არის, რაღაცა დროს დგება პიკი. შემთხვევათა ზრდა გვექნება, იმიტომ რომ შემთხვევათა ქვესვლა დღეს არის მხოლოდ ჩინეთში. ჩინეთში დღეს იყო მინიმუმი, დაფიქსირდა მხოლოდ 8 ახალი შემთხვევა, ხოლო ყველგან, ჩინეთს გარეთ, ჩინეთთან ერთად 140 000. ყველა ქვეყანაში ფიქსირდება დღეს სერიოზული ზრდა, ეპიდ.სიტუაცია უარესდება. აქედან გამომდინარე საქართველო, ჩვენ ვართ ნაწილი სამყაროსი და დაფიქსირდება შემთხვევათა მატება, მაგრამ ამისთვის უნდა იყოს ყოველმხრივი მზადება. არ უნდა მივეცეთ პანიკას, იმიტომ რომ ამ ინფექციას მსოფლიო დაძლევს და ერთადერთი გახლავთ ის, რომ უნდა ყველამ ერთად ვიმუშაოთ რამოდენიმე მიმართულებით.
ერთი ის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ინფექციის შემოტანა, ანუ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ თუ აუცილებელი არ არის ნუ იმოგზაურებენ, თუ განსაკუთრებული აუცილებლობაა და უნდა წავიდეთ, მაშინ ჩამოსვლისას დავიცვათ ის წესები, რომელიც უკვე 8 ქვეყანაზე ვრცელდება. მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებებს და შესაძლოა ეს 8 ქვეყანა გაიზარდოს.
შემოსულებმა აუცილებლად უნდა დაიცვან საკარანტინო და თვითიზოლაციის პირობები და თუ ამ პერიოდში გაჩნდება სიმპტომები ექიმს უთხრან. ჩაუტარდებათ გამოკვლევა და გადაწყდება მათი შემდგომი კლინიკური მეთვალყურეობა.
მეორეს მხრივ, მიმდინარეობს სერიოზული მზადება ჯანდაცვის სექტორის, შესაბამისი საავადმყოფოების, შესაბამისი პირველადი ჯანდაცვის ქსელის, რომ თუ განვითარდა ეპიდემია, იმატა სერიოზულად ინფიცირებულთა რაოდენობამ, ამ შემთხვევაში მზად იყოს სამედიცინო ქსელი ყოველმხრივ, როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ისე შესაბამისი მარაგებით“,_ თქვა გამყრელიძემ.