ცოტა ხნის წინ დასრულდა გიგი ადამაშვილის კონცერტი ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში.
ღონისძიებას, რომელიც მედიასახლ “გურია ნიუსის”, “ივლიტას ბიბლიოთეკის” და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა “ივლიტას ბიბლიოთეკის” 2 წლისთავს მიეძღვნა და 13 ივლისის ტრაგედიის დროს დაღუპულების ხსოვნის პატივის მიგებით დაიწყო.
“მეც იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელიც ამ ტრაგედიის გამკლავებას შიშველი ხელებით ცდილობდა ორი წლის წინ. თაობის, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქალაქს ძველი იერი დაბრუნებოდა, თაობის, რომელიც ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ დროს გაერთიანდა,” _ აღნიშნა გიგი ადამაშვილმა.
კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. ჩოხატაურელი და ოზურგეთელი მაყურებელი საათნახევრის განმავლობაში აღფრთოვანებით უსმენდა ადამაშვილს, რომელსაც აკომპანიმენტს ლევან ჩხაიძე უწევდა.
_ არაჩვეულებრივი საღამო იყო. ცოცხალი შესრულება, ბუნებრიობა _ ამით განებივრებულები არ ვართ და ამისთვის მადლობა გვინდა გადავუხადოთ ორგანიზატორებს, _ აღნიშნეს სტუმრებმა, რომელთა შორის ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების პირველი პირებიც იყვნენ.
უფრო დეტალურად, თუ როგორ ჩაიარა ღონისძიებამ და რატომ არ უშვებდნენ თინეიჯერები მომღერალს ხელოვნების სასახლიდან, ხვალ გიამბობთ და კონცერტის ამსახველ ვიდეომასალასაც შემოგთავაზებთ.