არასამთავრობო ორგანიზაცია საია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის სადამკვირვებლო მისიის შედეგებს აქვეყნებს და პოლიტიკური პარტიების მხრიდან მოსყიდვისა და შესაძლო მოსყიდვის ფაქტებს ასაჯაროვებს.
„საანგარიშო პერიოდში საიასთვის ცნობილი გახდა რამდენიმე მოსყიდვისა ან სავარაუდო მოსყიდვის ფაქტის შესახებ. გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოები ქვემოთ მოყვანილი ყველა შემთხვევით უნდა დაინტერესდნენ, რადგან ამომრჩევლის მოსყიდვა სისხლის სამართლის დანაშაულია. აუცილებელია მათ შეისწავლონ ეს საქმეები და საზოგადოებას გამოძიების შედეგები ამცნონ“, – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში და მიუთითებენ კონკრეტულ ფაქტებზე:
5 აგვისტოს „ევროპულმა საქართველომ“ ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობის დახმარების მიზნით ცხელი ხაზი აამოქმედა. ცხელი ხაზის მეშვეობით, იმ ადამიანებს, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ ინტერნეტზე ან/და არ აქვთ შესაბამისი ცოდნა, აცრაზე რეგისტრაციაში დაეხმარებიან. ამ სერვისის მიღება პირებს პარტიის რაიონულ ორგანიზაციებში, ადგილზეც შეეძლოთ. რამდენიმე დღეში, 10 აგვისტოს, „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის ოფისებში მოსახლეობას აცრაზე დარეგისტრირებაში დაეხმარებოდნენ. 13 აგვისტოს პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ასევე გაავრცელა ინფორმაცია ცხელი ხაზის ამოქმედების შესახებ, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს აცრაზე რეგისტრაციაში დაეხმარებოდნენ და სამედიცინო კონსულტაციას გაუწევდნენ. 17 აგვისტოს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატმა დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის გამო, რუსთავის მაცხოვრებელთა აცრის პუნქტებამდე მისვლასა და სახლში უკან დაბრუნებას უფასო ტრანსპო რტით უზრუნველყოფდნენ „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტიის მოხალისეები. ამისთვის შეიქმნა სპეციალური ცხელი ხაზიც.
საიას განცხადებით, პარტიას ეკრძალება წარმომადგენლისა ან სხვა პირის მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისთვის მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდება ან მათი დაინტერესება მომსახურების დაპირებით. მოცემულ შემთხვევაში პარტიებმა მოქალაქეებს სერვისი შესთავაზეს უფასო რეგისტრაციისა ან გადაადგილების სახით და დაარღვიეს კანონის მოთხოვნები.
„ქართული ოცნების“ მიერ პროდუქტების დარიგება
9 სექტემბერს წალენჯიხაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ გოგა გულორდავას მხარდამჭერ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი ტექსტით – „საქველმოქმედო დღეები დაიწყო“. ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში აკრძალულია საარჩევნო სუბიექტების მიერ, პირადად ან ვინმეს მეშვეობით, მოქალაქეებისთვის საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების გადაცემა. მოცემულ შემთხვევაში პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტების დარიგებით ეს წესი დაარღვია და ამომრჩეველი მოისყიდა.
პარტია „საქართველოსთვის“ აქტივისტების მიერ მოედნის აღდგენა და დასუფთავება
10 სექტემბერს პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ ახალგაზრდა აქტივისტებმა, რომლებიც პარტიის მხარდამჭერ ფერებსა და მაისურებში იყვნენ გამოწყობილნი, ქალაქ ჯვარში ფრენბურთის მოედა აღადგინეს, დაასუფთავეს და მიმდებარე ტერიტორია მოაწესრიგეს.ფიზიკური პირების მიერ საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელიც განეკუთვნება მუნიციპალიტეტის ორგანოთა კომპეტენციას, არის ამომრჩევლის მოსყიდვა. პარტიამ „საქართველოსთვის“ ეს რეგულაცია დაარღვია.
„ქართული ოცნების“ ხაშურის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი მოქალაქეებს, სავარაუდოდ, მატერიალურად დაეხმარა
სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელდა მოქალაქის სამადლობელი პოსტი, სადაც ის „ქართული ოცნების“ ხაშურის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატ ლევან გამრეკელს მადლობას უხდის შეშით მომარაგებისთვის. კიდევ ერთ შემთხვევაში Facebook-გვერდზე „ხაშური ჩემი ქალაქი“ გამოქვეყნდა სამადლობელი წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ლევან გამრეკელმა ერთ-ერთ მოქალაქეს ოპერაცია დაუფინანსა.
საიას განმარტებით, წინასაარჩევნო პერიოდში აკრძალულია საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატების მიერ, პირადად ან ვინმეს მეშვეობით, მოქალაქეებისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების გადაცემა. მოცემული შემთხვევები, თუკი ისინი სიმართლეს შეესაბამება, ამ წესის დარღვევისა და მოსყიდვის მაგალითებია.
[sexy_author_bio]