“ალტ ინფო” აქტივისტ ნატა ფერაძის დასჯას ითხოვს. ამის შესახებ ცნობილი დღეს თბილისში გამართულ აქციაზე გახდა.
ალტ-ინფოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ აქციაზე განაცხადა, რომ ან სახელმწიფომ დასაჯოს აქტივისტი, ან ამას თავად “ალტ-ინფო” გააკეთებს. ამის მიზეზი კი რამდენიმე დღის წინ, ნატა ფერაძის მიერ სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებული წმინდა მატრონას ხატისთვის, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, მელანის შესხმა გახდა.
“მაგას ან სახელმწიფო მიხედავს, ან სხვანაირად მიეხედება”,_ განაცხადა ზურაბ მახარაძემ და აღნიშნა, რომ ხატის შეურაცხყოფა ის წითელი ზღვარია, რომელსაც ქართველი ხალხი არასდროს არ ითმენდა.
მათ ძველი ქალაქის სამმართველოში განცხადება შეიტანეს, რითაც ნატა ფერაძის დასჯას ითხოვენ. შემდეგ კი, სამების ტაძრისკენ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სალოცავად დაიძრნენ.
ცნობისთვის, საპატრიარქომ ალტ-ინფოს შეკრებამდე გაავრცელა განცხადება მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ და სასულიერო პირებს მოუწოდა, არ ჩაერთონ დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში.