დღეს ფოთის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული იყო ანა იოსავას საქმის მოსმენა, რომელიც 10 იანვარს დააკავეს ქალაქ ფოთში თევზის სუნის საპროტესტო აქციაზე.
იოსავას თქმით, სასამართლო პროცესი უკვე მეორედ გადაიდო ერთი და იგივე მიზეზის გამო _ სამართალდამცავებს არ ჰქონდათ წარდგენილი ვიდეო მტკიცებულება. მიზეზად ასახელებენ ანა იოსავას მიერ დაკავების დროს ვიდეო კამერის დაზიანებას და შესაძლებელია კადრები ვერ აღდგეს.
„წარადგინეს საბუთები, რომ გაგზავნილი აქვთ ვიდეო აპარატი სამი-ოთხი დღის წინ, როცა პირველი სასამართლო თითქმის ერთი თვის უკან ჩატარდა. ჩემი აზრით, რაღაც საქმეს კერავენ. რაღაცას მედავებიან, თვითონაც არ იციან რას“, _ ამბობს ანა.
იგი აღნიშნავს იმასაც, რომ დღეს სასამართლოზე ედავებოდნენ ისეთ დანაშაულს, რაც ოქმში არ იყო მითითებული-ქუჩის უკანონო გადაკეტვას და სამართალდამცავებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას:
“აქ არის მნიშვნელოვანი მომენტი _ აკაკის ქუჩაზე, რომელზეც ჩვენ ვმოძრაობდით, მიმდინარეობს გზის რეკონსტრუქცია და გადათხრილია ტროტუარი. იქ შესაძლებელია მხოლოდ ერთმა ადამიანმა გაიაროს. აქციის დროს, შეუძლებელია, 7-6 ადამიანის ამ ტროტუარზე ერთდროულად მოძრაობა.
პოლიციელმა დაკავების დროს შეურაცხყოფა თვითონ მომაყენა და ხელით შემეხო, როცა მეუბნებოდა, გადაიწიეო. მე ამის გამო არ გავჩერებულვარ და მაინტერესებდა, რის გამო მაკავებდა. ამათ კი არ დამაკავეს, წამათრიეს“.
იოსავას თქმით, გრძელდება მისი თვალთვალი, ქუჩაში აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ისმინება მისი მობილური ტელეფონი:
„ეს რომ იყოს სისხლის სამართლის დანაშაული, საქმე, რომელსაც გამოძიება და დრო სჭირდება, გავიგებდი, მაგრამ ეს არის ადმინისტრაციული დანაშაული, რომელსაც ამდენი ხანი გაწელვა არ სჭირდება. ვფიქრობ და ფაქტია, ჩემი მოშორება უნდათ“.
მესამე სასამართლო პროცესი ჩანიშნულია 11 თებერვალს, 11 საათზე.