აღმოჩნდა, რომ არც ციანიდის და არც უკრაინის საქმე არ იყო პირველადი მნიშვნელობის, ეს ყველაფერი იყო საშუალება იმისა, რომ ეკლესიისთვის როგორღაც ავტორიტეტი შეერყიათ,– ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
„ვერ ვიტყვი 2012 წლის რა გეგმაზე ჰქონდა ბარნოვს საუბარი, ჩემთვის ეს სიურპირიზი იყო, თუმცა, ის შემოტევები, რაც ხორციელდება ბოლო პერიოდში ეკლესიასთან დაკავშირებით, ყველა ამ პროცესის, ციანიდის, უკრაინის თუ პანდემიის საკითხის ახსნა შესაძლებელია იმით, რაც ჩვენ ვიხილეთ კრებსებში. აღმოჩნდა, რომ თურმე გოჩა ბარნოვია ყველა იმ გადაცემის კონსულტანტი, რომელიც ბოლო წლებში ეკლესიის მიმართ მსგავსი შინაარსით კეთდებოდა „მთავარ არხზე“, „ტვ. პირველსა“ და „ფორმულაზე“. ჩანაწერებში საუბარია იმაზე, რომ „ფორმულას“ და აღნიშნულ ტელევიზიებსაც ძალიან ხშირად უწევს კონსულტაციას. ეს ყველაფერი ძალიან ცუდ პრეცედენტს ქმნის, რომ ეკლესიას თითქოსდა საყვედურობდნენ ხან ციანიდისა და ხან უკრაინის გამო, თუმცა, სინამდვილეში გეგმა ყოფილა სხვა რამ. ხშირად გვითქვამს, რომ ერთი და იგივე ხალხი იყო მუდმივად ჩართული ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, დღესაც ერთი და იგივე ხალხი და რესპონდენტები დადიან ამ ტელევიზიებში და ერთი და იგივე პათოსით ეკლესიის წინააღმდეგ გამოდიან. როგორც ჩანს არცერთი ის თემა არ იყო პირველადი მნიშვნელობის, ეს ყველაფერი იყო საშუალება იმისა, რომ როგორღაც ავტორიტეტი შეერყიათ ეკლესიისთვის. ამაზე ჩვენ ვლაპარაკობდით და ეს კრებსები, რაც ჩვენ ვნახეთ ახლა და ბარნოვიც ადასტურებს, რომ ეს ასეა ნამდვილად. ეს კრებსები ყველაფერი ამის ამოხსნას იძლევა დღეს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
სავარაუდო ფარულ ჩანაწერებში მოხსენიებულია თეოლოგი გოჩა ბარნოვი, რომელიც აცხადებს, რომ უღირსი მღვდელმთავრებისგან ეკლესიის გაწმენდა შესაძლებელი იქნებოდა აშშ-ის დახმარებითა და ხელისუფლების ცვლილებით. ბარნოვის გეგმის მიხედვით, უნდა მომხდარიყო საპატრიარქოს შტურმით აღება და მღვდელმთავრების დაპატიმრება, ხოლო ახალი მღვდელმთავრების კურთხევას შეასრულებდა მსოფლიო საპატრიარქოდან მოწვეული 3 ეპისკოპოსი. მისივე განცხადებით, ეკლესიის სამართავად საკმარისი იქნება 12 მღვდელმთავარი და დიდი ქალაქებისთვის (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) დამხმარე ეპისკოპოსები.
წყარო: იმედინიუსი