ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ ადგილზე, იქ, სადაც აბაშიძის ქუჩიდან კლდიაშვილის ქუჩის შესახვევია, ჭიშკრების გასწვრივ, სიგრძივად პატარა არხი მიუყვება. წესით, თითოეულმა აქ მცხოვრებმა არ უნდა დაუშვას ამ არხის ისე დაბინძურება, რომ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ჯიხურების თუ სხვადასხვა ობიექტების მფლობელები, ასევე, გამვლელ-გამომვლელიც კი სასწრაფო რეაგირებას ითხოვენ აქ გამეფებული ანტისანიტარიის გამო.
_ მოგვეშველეთ, კლდიაშვილის ქუჩა აყროლდა, ცოტა დათბა თუ არა, საშინელი სუნი დგას, აირწინაღიც ვერ დაგიფარავს კაცს, ისეთი სიმყრალის სუნია. გასულ წელს ერთხელ კი ამოწმინდეს, თუმცა, ეს მოსახლეობაც, თითქოს, საგანგებოდ აბინძურებს ამ არხს. იმასაც ამბობენ, კანალიზაციასაც აერთებენო. გაარკვიონ შესაბამისმა სამსახურებმა. გვაცალეთ სუნთქვა და მუშაობა, _ ამბობენ ისინი „გურია ნიუსთან“.
ჩვენ ადგილზე ფოტოები გადავიღეთ და იქ მართლაც ანტისანიტარიის მკვეთრი სურათია.
ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსი თენგიზ ქუტიძე „გურია ნიუსთან“ ასე განმარტებას აკეთებს: „ვიცი ეს ამბავი. გასულ წელს არაერთხელ ამოვწმინდეთ. ახლაც მივხედავთ, თუმცა, როგორც ინფორმაცია მაქვს, ზოგი მოსახლე კადრულობს და კანალიზაციასაც აერთებს ამ პატარა არხს. ეს გასარკვევია და ამაში თქვენი აქტიურობაც საჭიროა, რადგან ზოგი საკუთარ ეზოში არ გიშვებს, რომ გადაამოწმო, რა ხდება“, _ გვითხრა მან.
აღნიშნული პრობლემის შესახებ „გურია ნიუსი“ გასულ წელსაც წერდა. კლდიაშვილის ქუჩაზე მდებარე არხი რომ ანტისანიტარიის და გაუსაძლისი სიბინძურის ბუდედ იქცა, ახალი ამბავი არაა და ერთჯერადად ჩატარებული სამუშაო ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს.