„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ეხმაურება ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტის მნიშვნელოვან გაუფასურების ტენდენციას და მოუწოდებს ცენტრალურ ბანკს ხისტი ნაბიჯების გადადგმისაკენ.
იმის მიუხედავად, რომ დღეს ქართული ეკონომიკა გლობალური გამოწვევების წინაშე დგას და ჩვენს ეკონომიკაზე ის გლობალური კრიზისი მოქმედებს, რომელმაც მსოფლიო ეკონომიკებს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა, ფაქტია, რომ დღეს ჩვენი ეროვნული ვალუტა უფრო მეტად უფასურდება, ვიდრე ამას მაკროეკონომიკური პარამეტრები განაპირობებენ.
„აფბა“-ს შეფასებით, დღეს ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი პანიკური ფონია და ეროვნულ ვალუტაზე გადაცემაც მოლოდინების არხიდან მომდინარეობს. სწორედ ამიტომ, „აფბა“ მოუწოდებს ცენტრალურ ბანკს ხისტი მონეტარული პოლიტიკის გატარებისაკენ, რათა კურსი დაუბრუნდეს წონასწორობის იმ რეალურ ნიშნულს, რომელიც განპირობებული უნდა იყოს მაკროეკონომიკური პარამეტრებისგან.
„აფბა“ მიესალმება სებ-ის ქმედებებს, რომლის ფარგლებშიც ცენტრალურმა ბანკმა საერთო ჯამში 60 მლნ დოლარის ინტერვენცია განახორციელა სავალუტო ბაზარზე. თუმცა, სამწუხაროდ, მხოლოდ ამ ინსტრუმენტის გამოყენება არასაკმარისი იქნება ლარის კურსის რეალურ წონასწორობის ნიშნულში დასაბრუნებლად. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კურსის გაუფასურებამდე, ზემოხსენებულ ინტერვენციებთან შედარებით, თითქმის 10-ჯერ უფრო მეტი ლარი მიაწოდა საპენსიო სააგენტომ კომერციულ ბანკებს. სწორედ ამიტომ, „აფბა“ ცენტრალურ ბანკს მოუწოდებს თანმიმდევრული და კომპლექსური ნაბიჯების გადადგმისკენ, რომლის შედეგადაც მოხერხდება კურსის რეალური წონასწორობის ნიშნულთან დაბრუნება.
ამის ყველაფრის მისაღწევად, „აფბა“-ს რეკომენდაციაა სავალუტო ინტერვენციების პარალელურად მოხდეს ყოველკვირეული რეფინანსირების სესხების შემცირება კომერციული ბანკებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ლარი-დოლარის თანაფარდობის დარეგულირებას. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ ზემოხსენებული ეგზოგენური ფაქტორებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად შემცირებულია უცხოური ვალუტის შემოდინება, რეკომენდირებულია იქნება უცხოურ ვალუტაში სარეზერვო ნორმების შემცირება კომერციული ბანკებისთვის. ამ შემთხვევაში, სავალუტო ბაზარზე კრიტიკულ მომენტში გამოთავისუფლდება უცხოური ვალუტის რესურსი, რაც ასევე პოზიტიურად აისახება ეროვნული ვალუტის კურსზე.
ამ ინსტრუმენტების პარალელურად, „აფბა“ მიზანშეწონილად მიიჩნევს არაგეგმიური მონეტარული სხდომის მოწვევასაც. რომლის ფარგლებშიც, სწორი იქნება რეფინანსირების განაკვეთის 0.5% პუნქტით გამკაცრება. რასაც, როგორც მოკლევადიანი ფსიქოლოგიური ეფექტი ექნება კურსზე, ისე საშუალოვადიან პერსპექტივაში მოახდენს ნომონალური კურსიდან წამოსული წნეხის შემცირებას ინფლაციურ პროცესებზე.