bpn-ს ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს რუსული იურიდიული პირების საინვესტიციო საქმიანობის შესახებ აფხაზურ-რუსული შეთანხმების რატიფიცირებას.
„რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების კანონპროექტი არ გავიდა,“ – განაცხადა კენჭისყრის შემდეგ ე.წ. სახალხო კრების თავმჯდომარე ლაშა აშუბამ.
რატიფიცირების წინააღმდეგ 21-მა დე ფაქტო დეპუტატმა მისცა ხმა, ორმა კი თავი შეიკავა. ე.წ. პარლამენტის სხდომას 35 დეპუტატიდან სულ 23 ესწრებოდა.
დე ფაქტო პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ ოპოზიციის მხარდამჭერებს ე.წ. დეპუტატმა კან კვარჩიამ მიმართა. მისი თქმით, „აფხაზეთის პარლამენტის გადაწყვეტილება არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ და ეს იძულებითი ნაბიჯია, რადგან შეთანხმება აფხაზეთისთვის კაბალურია და მისი რატიფიცირება არ შეიძლებოდა.“
ვრცლად: bpn