მსახიობი დავით ხურცილავა („ჯაპანა“) იხსენებს:
„თელავში ვიყავი სტუმრად დუტა სხირტლაძესთან. დუტას ძმა, გიორგი, ახალფეხადგმული დაბანცალებდა. არ ვიცოდი, ლაპარაკიც თუ შეეძლო. შვილო, არ წაიქცე, ფრთხილად-მეთქი, მოვეფერე ბავშვს.
მკვეთრი თელავური კილოთი ჩამომარცვლა: „მ-სა-ხი-ობი ხარ შენაა“?!
ცხვრის საყიდლად ვაპირებდი წასვლას და წავიყვანე – გზაზე მეტიტინება და გამართობს-მეთქი, ერთი წლისაც არ იყო ჯერ…
გადავედი ბაზარში. ბავშვი მკლავზე მიზის, „სოსკასა“ და ღუნღულა ქუდში სახე არ უჩანს. დავაფასებინე გამყიდველს ცხვარი. მითხრა ფასი.
გიორგიმ გამოიღო პირიდან „სოსკა“ და ეკითხება გამყიდველს: „არ დაა-კლებ-თ?“ გაგიჟდა მეცხვარე. ცოცხალი თავით ფული არ გამომართვა და მითხრა, ამ კაი კაცის ხათრით, თუ გინდა, მთელ ფარას გაგატანთო.“

































































