ლანჩხუთის მერიამ, 5 ახალი, ISUZU- ს მარკის ავტობუსი, რომელიც 21 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, 2024 წელს შეიძინა და მოქალაქეებს თითქმის უკვე ორი წელია, შესაძლებლობა აქვთ კომფორტულად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტრანსპორტით ისარგებლონ.
მოსახლეობა ფრიად კმაყოფილია ამ ფაქტით, თუმცა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე მოქალაქეთა საწუხარი ქალაქის ტერიტორიაზე მოსაცდელის არარსებობაა. იმ ადგილას, სადაც სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩერდება, მგზავრებს ავდარსა თუ თაკარა მზეში, უკვე ბევრი წელია, ღია ცის ქვეშ უწევთ დგომა.
“ამდენი ხანი იმ ადგილის შერჩევა ვერ ხერხდებოდა, სადაც ელემენტარული მოსაცდელის ტიპის ნაგებობა გაკეთდება, ახლა თითქოს ეს საკითხი მოგვარდა და ადგილიც გამოიყო, მაგრამ არ დაადგა საშველი, რომ რაღაც ტიპის ნაგებობა გაკეთდეს და ადამიანებს თავზე არ გვაწვიმდეს. ელემენტარულად იმის საშუალებაც არაა, გადახურულში, თავზე რომ არ გვაწვიმდეს, მაინც დაელოდო ტრანსპორტს. ზაფხულში ხის ქვეშ მაინც არის მოსაჩრდილებელი, ზამთარში, თქეში წვიმა რომაა, რა უნდა ქნა?!” _ ამბობენ ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ.
პრობლემის მოგვარების მიზნით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ თითქოსდა გარკვეული ღონისძიებები გაატარა _ გაკეთდა პროექტი, ქალაქის ტერიტორიაზე გამოიყო კიდეც კონკრეტული ადგილები მოსაცდელების მოსაწყობად, გარკვეული სამუშაოებიც ჩატარდა, თუმცა, როგორც ფაქტები ცხადყოფს, საქმე ბოლომდე არ მისულა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე ადამიანებს, მიუხედავად ამინდის პირობებისა, ისევ ღია ცის ქვეშ უწევთ დგომა.
როგორც “გურია ნიუსმა” ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის შედეგად გაარკვია, სამწუხაროდ, შემსრულებელმა ვერ შეასრულა დაკისრებული ვალდებულებები და გარკვეული სამუშაოების შესრულების შემდეგ მიატოვა პროექტი.
ირკვევა, რომ ახლა ახალი შემსრულებლის მოძიება მიმდინარეობს, რომელიც პროექტით ნაკისრ ვალდებულებებს გააგრძელებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე ადამიანებს აღარ მოუწიოთ, ავდარსა თუ თაკარა მზეში, ღია ცის ქვეშ დგომა.
ავტორი

































































