საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამართალდამცავ სტრუქტურებს მიმართა.
პრეზიდენტმა მათ მოუწოდა, არ გაბედონ და არ შეასრულონ მუქარა, რომელიც პრემიერის სიტყვებში ისმინებოდა.
„მინდა მივმართო ასევე სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ არავინ არ გაბედოთ ის, რა მუქარაც ისმინებოდა პრემიერის სიტყვებში. არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება, იმისთვის, რომ დააშინოთ ის საზოგადოება, რომელმაც უკვე რამდენი კვირაა მსოფლიოს აჩვენა, თუ რამდენად მშვიდობიანი, რამდენად შეგნებული, რამდენად შემართებული და არაპროვოკაციაზე წამსვლელი არიან. ასე რომ ვერავის ვერაფერს დააჯერებთ. ტყუილად არის. მხოლოდ იმას დააჯერებთ და იმას აჩვენებთ მსოფლიოს, რომ თქვენ არ იქცევით დემოკრატიულად, რომ თქვენ კანონს არ ემორჩილებით. ამიტომ გირჩევთ, თავი შეიკავეთ ამისგან, იმიტომ რომ რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მოხდეს პასუხისმგებლობა არის თქვენი. ამას წინასწარ ვამბობ და მე მგონი, რომ ყველასთვის გასაგებია,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.