დღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გურიის მოსახლეობა ხელისუფლებას ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენაში ადანაშაულებს – ადგილობრივები, რომლებსაც დიდთოვლობის გამო უკიდურეს სიდუხჭირეში და არაადამიანურ პირობებში უწევთ ცხოვრება, ამბობენ, რომ სოციალური დახმარების შეწყვეტით ემუქრებიან.
როგორც მოქალაქეები მედიას უყვებიან, იმ შემთხვევაში, თუ გურიაში არსებულ მძიმე ვითარებაზე ხმას ამოიღებენ და იტყვიან, რომ “ოცნებამ” სტიქიის პირისპირ მარტო დატოვა, სოციალურ დახმარებას გაუუქმებენ.
“იმუქრებიან, რომ (თუ ვილაპარაკებ,) სოციალურს მომიხსნიან. ვმუშაობდი სახლში და ახლა ვერ გავდივარ ზამთარში. სახლში მყავს შშმ პირი და დიაბეტიანი მეუღლე,” – განაცხადა მოქალაქემ.
გავრცელებულ ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი გამოეხმაურა.
“სურსათის და პირველადი საჭიროების პროდუქტების მიწოდება გრძელდება – პირველ რიგში მათთვის, ვინც დიდთოვლობის გამო გადაადგილებას ვერ ახერხებს, შინ ჰყავს ბავშვები ან ხანდაზმულები.
ვხედავთ დეზინფორმაციას ოპოზიციური მედიების მხრიდან, თითქოს მოქალაქეებს პოლიტიკური ნიშნით გამოვყოფთ ან ვინმე მათ სოციალური დახმარების შეწყვეტით ემუქრება – ეს არის დანაშაულის ტოლფასი სამარცხვინო სიცრუე. ერთადერთი მიზანი აქვთ, როგორმე ხელისუფლების მიმართ უნდობლობა და სიძულვილი დათესონ. არ გაუვათ! ყველას პასუხი გაეცემა”,_ განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.