ვარლამ წიკლაურის, ახალციხის მერის, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციაში „იმედში“ მუშაობა და შესაბამისად, არხიდან მიღებული შემოსავალი არ ჩანს.
წიკლაურმა „მედიაჩეკერს“ უთხრა, რომ „იმედიდან“ მიღებული შემოსავალი საჯაროდ დეკლარაციაში ასახული მისი გადაწყვეტილებით არ არის და ამის შესაძლებლობას მას კანონი აძლევდა. მისი განმარტებით, დეკლარაციის შევსების დრო, მას შეეძლო მოენიშნა, რომ ამის გასაჯაროებას საჭიროდ არ თვლიდა.
„ბუნებრივია, მე ყველა ველი შევსებული მაქვს, კანონის შესაბამისად. უბრალოდ ეს ჩემი ნება-სურვილი იყო, ჩემი წინა სამსახურში აღებული ხელფასი არ ყოფილიყო საჯარო და კანონი მე ამის შესაძლებლობას მაძლევს…ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ არ იყო საჭირო, ჩემი ხელფასი ყოფილიყო საჯარო, რა ხელფასი მქონდა მანამდე, ვიდრე დავიკავებდი პოლიტიკურ თანამდებობას“,_ თქვა წიკლაურმა.
დეკლარაციის მიხედვით, წიკლაური ფლობს 2022 წელს, 185 000 დოლარად შეძენილ საცხოვრებელ სახლს თბილისში. ამავე წელს კი, მისმა მეუღლემ, ხატია კობერიძემ 165 000 ევროდ საცხოვრებელი სახლი ბელგიაში შეიძინა.

































































