„შვიდი წელია საკრებულოში ვარ, პირველივე დღიდან ვიძახი ამ პრობლემის თაობაზე, დღესაც იგივეზე მიწევს საუბარი“- აღნიშნა საკრებულოს სხდომაზე შუხუთის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა აკაკი იმნაიშვილმა.
დეპუტატის თქმით, წლებია სოფელში 30 ოჯახს წყალი არ მიეწოდება და ისინი პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.
„30 ოჯახს, რომლებიც ფაქტობრივად ქალაქის ტერიტორიაზე არიან მიბმულები, წლებია წყალი არ აქვს. როგორც ვიცი, იყო ამ ადამიანებისთვის მიცემული დაპირება, რომ პრობლემა გადაიჭრებოდა და წყალი ექნებოდათ, მაგრამ ასე არაა. არც აქამდე გაკეთებულა რამე და არც სამომავლოდ გეგმაშია გათვალისწინებული. 21 საუკუნეში ადამიანებს წყალი არ აქვთ, რომელიც ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შვიდი წელია საკრებულოში ვარ, პირველივე დღიდან ვიძახი ამ პრობლემის თაობაზე, დღესაც იგივეზე მიწევს საუბარი. არ გამოინახა რაიმე საშუალება, ბატონო ალექსანდრე, რომ ეს გაკეთებულიყო?! ფაქტობრივად ქალაქზეა ეს ტერიტირია მიბმული, სადაც წყალი ხეთქავს ყველაფერს. არ მინდოდა ამ პრობლემაზე ასე ხმამაღლა მესაუბრა, მაგრამ სხვა გამოსავალი არაა, მოსახლეობა პასუხს ითხოვს ჩემგან“,–მიმართა მუნიციპალიტეტის მერს დეპუტატმა.
„ნამდვილად არაერთხელ იყო საუბარი იმაზე, რომ ეს ხალხი ქალაქის წყალზე მიერთებულიყო. ამაზე საუბარი ჩვენც არაერთხელ გვქონდა გაერთიანებულ წყალმომარაგებასთან, რომელიც განაგებს ქალაქის ქსელს, თუმცა კომპანიამ არ გააკეთა სოფლის მიერთება. ინფრასტრუქტურის კუთხით რაც თანხები გამოიყო შუხუთზე ყველგან გზის პროექტებია ჩასმული, პატივცემულებო თქვენ დაუჭირეთ ამას მხარი! იმაზე კი 100% -ით გეთანხმებით, რომ წყალი უნდა გაკეთდეს“, -განმარტა ალექსანდრე სარიშვილმა დეპუტატის მხრიდან გაჟღერებული პრობლემის თაობაზე.
[sexy_author_bio]