ლანჩხუთის საკრებულოს წევრისა და „ერთანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაცის ლიდერის კახა ასკურავას ინფორმაციით, გურიის ყოფილი გუბერნატორი, გია სალუქვაძე „kompania china railway 23 RD“-ში მაღალანაზღაურებად ხელმძღვანელ თანამდებობაზეა დანიშნული.
აღნიშნული კომპანია სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 58 კმ. გზის მონაკვეთის მეოთხე ლოტზე აწარმოებს სამუშაოებს, რომელიც ხაჯალია-ხიდმაღალას მონაკვეთს მოიცავს.
„ექსგუბერნატორი გია სალუქვაძე ავტობანის ხაჯალიის მონაკვეთის მშენებლობაზე ხელმძღვანელ თანამდებობაზეა დანიშნული და მისი ანაზღაურება 4500 ლარია თვეში. თან ხელფასს ისე იღებს, რომ სამსახურში არც დადის. საინტერესოა, რა დამსახურებით შეირჩა ყოფილი გუბერნატორი ან რატომ უნდა ჰქონდეს მას ასე მაღალი ანაზღაურება?” _ კითხვას სვამს ასკურავა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი სეთურიძე „გურია ნიუსთან“ საუბარში ამბობს, რომ სალუქვაძის ავტობანის მშენებლობაზე ხელმძღვანელ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
„არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ სად მუშაობს ამ დროისთვის გურიის ყოფილი გუბერნატორი. თუკი ის მართლაც დასაქმდა ავტობანის მშენებლობაზე რომელიმე კომპანიაში, ეს თავად ამ ფირმის პრეროგატივას წარმოადგენდა, საავტომობილო გზების დეპარტამენტს ამასთან კავშირი არ აქვს“, _ გვითხრა სეთურიძემ.
კომენტარისთვის თავად გია სალუქვაძესაც დავუკავშირდით, რომლის თქმითაც, ის არ თვლის თავს ვალდებულად „პასუხი გასცეს ვიღაცის ნაბოდვარს“.
„ეს რომელი კახა ასკურავაა, გურიის გუბერნატორის მოადგილედ რომ დაინიშნა და პირველსავე დღეს მთვრალმა ავტომობილი რომ დააამტვრია, თუ ფაროსანასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციები რომ გაავრცელა და მოსახლეობას უთხრა არ შეწამლოთ, მომწამვლელიაო. მე არ ვარ საჯარო მოხელე და ძალიან ბევრ კერძო კომპანიაში ვმუშაობ მრჩევლად. არ ვთვლი თავს ვალდებულად პასუხი გავცე ვიღაცის ნაბოდვარებს“, _ გვითხრა სალუქვაძემ.