„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატი შალვა ნათელაშვილი დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ვაშაძის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა ცენტრალურ და ადგილობრივ კომისიებს გამყალბებლები და კრიმინალური სტრუქტურები უწოდა.
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თანამდებობა უნდა დატოვოს.
„ჩვენ არ გვაქვს არავითარი ცენტრალური და სხვა საარჩევნო კომისია. ჩვენ გვყავს ცენტრალური და ადგილობრივი გამყალბებელი კომისიები, რომლებიც წარმოადგენენ კრიმინალურ სტრუქტურებს და რომელთა ხელმძღვანელი თამარ ჟვანია გახდა უკვე მილიონერი ივანიშვილისგან გადმორიცხული თანხებით, რომელიც ოფშორებში მოათავსა. ეს ქალბატონი არა მარტო უნდა გადადგეს თანამდებობიდან, არამედ უნდა ჩაჯდეს ციხეში და უნდა გაიგოს ბალანდის გემო და უნდა იწვნიოს მის მიერ არჩეული ხელისუფლებისაგან შექმნილი სასჯელაღსრულებითი სისტემის გემო და არომატი“, _ აცხადებს ნათელაშვილი.
როგორც დღეს გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ცესკომ დაიწყო გაყალბების სისტემის ჩამოყალიბება და საოლქო საარჩევნო კომისიები მთლიანად ფორმირებულია ქართული ოცნების შტაბისა და სუს-ის მიერ.