ავტომობილების გადაადგილებაზე შერზღუდვის მოხსნამ, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 17 აპრილიდან მოქმედებდა, ლანჩხუთის ცენტრალურ ნაწილში, მანქანებისა და მოქალაქეთა უჩვეულო სიმრავლე გამოიწვია. ქალაქის ცენტრში, სადაც სავაჭრო ობიექტების ძირითადი ნაწილი მდებარეობს, ფაქტობრივად, შეუძლებელია თავისუფალი ადგილის პოვნა, ყველგან მანქანებია ჩახერგილი. მაღაზიაბთანაც გრძელი რიგებია. მოქალაქეთა ნაწილი თვლის, რომ მსგავსი მდგომარეობა იმ შეზღუდვამ გამოიწვია, რომელიც 10 დღის განმავლობაში იყო ქვეყნის მასშტაბით.
„ყველა საჭიროების გამოა გამოსული, ზოგს პროდუქტი აქვს საყიდელი, ზოგსაც _ წამალი. არა მგონია, ვინმეს ეხალისებოდეს ამ ქაოსში ყოფნა. ის შეზღუდვა რომ არ ყოფილიყო ავტომობილების გადაადგილებაზე, დღეს ამდენი ხალხი ნამდვილად არ იქნებოდა ქუჩაში და მაღაზიებს არ მიაწყდებოდა“, _ მიაჩნია მოქალაქეთა ნაწილს. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ამდენი მანქანა სოფლებიდან არ იქნება ჩამოსული: „მეზობელი ქუჩებიდან უფრო იქნებიან, ორი კილომეტრის გავლა აღარ უნდათ ფეხით. სწორედ ამიტომ იყო საჭირო აკრძალვა. პარკი სავსეა ხალხით, ვისაც საქმე არ აქვს, ყველა იქ ზის“.