„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, შეხვედრა ხელისუფლებასთან სრულიად უშედეგოდ დასრულდა და გარდა ამისა, მმართველი გუნდის წევრები შეხვედრაზე მხოლოდ იმიტომ მივიდნენ, რომ საზოგადოებისგან განიცდიდნენ ზეწოლას.„ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე გეტყვით. პირველი – მმართველი გუნდი ამ შეხვედრაზე მოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ განიცდიდა განუწყვეტლივ ზეწოლას საქართველოს მოქალაქისგან, ოპოზიციისგან და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისგან. ისე, არავითარ დიალოგზე მმართველი გუნდი არ წამოვიდოდა. მეორე – აბსოლუტურად არაფრისთვის მზად არ იყვნენ, არავითარი არც წინადადება და არც იდეა არ ჰქონდათ. და მესამე – კატეგორიული უარი თქვეს განხილვაზე იმ კომპრომისული შეთავაზების, რომელიც ოპოზიციის მიერ არის მომზადებული და რომელსაც ოცდაათმა ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა ხელი. მეოთხე- ჩვენ დავადასტურეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა დამთავრდა სრულიად უშედეგოდ. თუ ამას მოინდომებენ ჩვენი მედიატორები და სტრატეგიული პარტნიორები, მეორე რაუნდსაც დავესწრებით. “ქართულ ოცნებას” არ მივცემთ არასდროს იმის თქმის საშუალებას, რომ ოპოზიცია საუბრისთვის მზად არაა,“_ განაცხადა ვაშაძემ.