“მამულის გაკეთება და ნივთიერის ცხოვრების წინ წასვლა შეიძლება მხოლოდ წერა-კითხვის, სოფლის სამეურნეო და სახელოსნო ცოდნის გავრცელებით მცხოვრებთა შორის”, _ დაბეჯითებით ირწმუნებოდა ჩვენი სახელოვანი ილია წინამძღვრიშვილი.
ილია წინამძღვრიშვილი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის _ “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” დამფუძნებელი წევრი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე გახლდათ. მან გადაწყვიტა, სასოფლო-სამეურნეო სკოლა გაეხსნა, რადგან საქართველოში ამგვარი სკოლა არ არსებობდა. პირველ რიგში, მან საკუთარ სახლში მიიწვია თორმეტი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე სკოლის წესდების, სასწავლო გეგმის და პროგრამების შესამუშავებლად. 1883 წლის 4 სექტემბერს კი, სკოლის გახსნის ცერემონიალი შედგა, რომელიც ილია ჭავჭავაძის სიტყვით გამოსვლამ დაამშვენა.
სკოლისთვის წესდება იაკობ გოგებაშვილმა შეადგინა, სასწავლო გეგმა და პროგრამები, რომლის შემუშავებას ნიკო ცხვედაძე ჩაუდგა სათავეში, ერთობლივად, ყველაზე კარგმა პროფესიონალებმა ჩამოაყალიბეს.
მაგრამ ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ამგვარი იდეები ვერ გახორციელდება. ამიტომ, ილია წინამძღვრიშვილმა1883 წლის 4 სექტემბერს, საკუთარ მამულში, თავისი ხარჯითა და “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” დახმარებით გახსნილ სამეურნეო სკოლას მთელი თავისი სიცოცხლე და ქონება შესწირა: გადასცა 55 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა და ტყე; 20 ათასი ლიტრის ტევადობის ღვინის სარდაფი საწნეხითა და ქვევრებით; შენობა კლასებისა და მუზეუმებისთვის; სახლი მასწავლებლებისთვის; მოსწავლეთა საერთო საცხოვრებელი; ორი სასადილო თავისი სამზარეულოთი და სარდაფით; პურის საცხობი და სახელოსნოები. სკოლას ჰქონდა საკუთარი სახელმძღვანელოები და მანქანა-იარაღები. წინამძღვრიშვილის მოთხოვნით, სკოლაში იღებდნენ მოსწავლეებს განურჩევლად წოდებისა, ეროვნებისა თუ სარწმუნოებისა.
მევენახეობა, ღვინის დაყენება, მებაღეობა, მებოსტნეობა, ფუტკრის და აბრეშუმი ჭიის მოვლა, ხვნა-თესვა, საქონლის მოვლა-მოშენება, დურგლობა, მჭედლობა და ბევრი სხვა სახელოსნო საქმის შესწავლა იყო ამ სკოლის პროფილი, რომელსაც კერძო მამულებსა და ფერმებში პრაქტიკული მეცადინეობაც ერთვოდა თან. საუკეთესო მოსწავლეებს საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში სწავლის სრულყოფის შესაძლებლობა ეძლეოდათ.
წესდება, გეგმა, სასწავლო პროგრამა, ფინანსური მხარდაჭერა, პრაქტიკა და სწავლის სრულყოფის პერსპექტივა _ აი, ამ “უწყვეტ ჯაჭვს” წარმოადგენდა ილიას სკოლის წარმატების “საიდუმლო”.
რუსულმა საბჭოთა ოკუპაციამ არა მხოლოდ საერო საქმისადმი ამგვარი მამულიშვილური დამოკიდებულება გაანადგურა, არამედ, პროფესიული განვითარების ევროპული სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობაც, რომლის ჩასახვასაც ასე თავგანწირულად ცდილობდნენ წინამძღვრიშვილის მსგავსი მამულიშვილები.
მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის უახლეს პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა პროფესიული განათლების სისტემის რეფორმირებისთვის, შედეგები სახარბიელო არაა. განათლების სისტემის ბევრ სხვა მანკიერებასთან ერთად, პროფესიული საგანმანათლებლო სფეროს გაუმართაობას და სისუსტეს უნდა მივაწეროთ ძალიან ბევრ საჭირო და ქვეყნის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ პროფესიებში მაღალი კვალიფიკაციის კადრების არარსებობა.
აკაკი ღლონტი, სუბტროპიკული მეურნეობის სწავლული აგრონომი, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი მიიჩნევს, რომ ბევრი საჭირო პროფესიის დეფიციტი ცუდი დაგეგმვის ბრალია. მისი აზრით, არც “საბჭოთა მოდელი” გამოდგება და დღემდე მიღებული აზრი საბჭოთა პროფესიული განათლების სისტემის უხარვეზობის შესახებ, დიდწილად ისეთივე მითია, როგორც მაშინდელი ეკონომიკის სიდიადე:
_ მაშინ დირექტივა იყო “ზემოდან”, რა როგორ გაკეთებულიყო, იმიტომაც სჭირდებოდათ საკვების ტალონებით გაცემა. ახლა ყველაფერი ბუნებრივ მდგომარეობაშია, მაგრამ არ გვყავს სპეციალისტები! დეფიციტური გახდა არაერთი პროფესია; მაგალითად, აგრონომიულ მიმართულებაში ენტომოლოგების, ფიტოპათოლოგების, მექანიზატორის პროფესიების აბსოლუტური დეფიციტია. ზოგიერთ აღნიშნულ მიმართულებაში ერთ-ერთი ხანდაზმული ძლიერი სპეციალისტიღაა ცოცხალი! რატომ ხდება ეს? ყველაფერი არასწორი დაგეგმარების, მეტიც _ უვიცობის ბრალია. სახელმწიფო ეხმარება, ვთქვათ, ფერმერს სახელმწიფო პროგრამით, რომ იყიდოს ნერგი, მაგრამ იმ ნერგს სწორად განლაგება და მოვლა-მოყვანა ხომ უნდა, რომ ხვავრიელი მოსავალი მიიღო?! ან კიდევ, ჩვენი პროდუქციის 85%-ი გარედან შემოგვაქვს, ვაწარმოებთ 15%-ს. ავიღოთ სახელმწიფო საგრანტო პროექტები: სადმე არის ჩადებული, რომ კარგი სპეციალისტები სჭირდებათ და სათანადოდ გადაუხდიან?! რატომ ისწავლის ახალგაზრდა მისთვის საინტერესო ფაკულტეტზე, თუ იცის, რომ არავინ დაასაქმებს და არც შესაბამისს ანაზღაურებას მისცემენ?! სწორედ ესაა არასწორი დაგეგმარების შედეგი. ორი წლის წინ, ანასეულის ინსტიტუტში შეხვედრა იყო და მხარის გუბერნატორს შევთავაზე, 15-წლიანი საგარანტიო ხელშეკრულება დაედოთ აგრონომიული დარგების მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, რომ სამუშაო ექნებოდათ. ასე მოტივირებულები უფრო უკეთ ისწავლიდნენ და გვეყოლებოდა კარგი სპეციალისტები. მიპასუხა, რომ ეს კერძო ბიზნესის საქმეაო. კერძო ბიზნესი არ არის, ვთქვათ, სუხიშვილების ანსამბლი ან ფილარმონია რომ გვჭირდება და სახელმწიფო დაფინანსებას აძლევს?! მიდგომა უნდა შეიცვალოს, თორემ არაფერი გამოვა! _ ამბობს აკაკი ღლონტი.
განათლების საკითხების სპეციალისტი მაგდა მამალაძე, ერასმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის _ “განათლების პოლიტიკა გლობალური განვითარებისთვის” სტუდენტია. იგი ბარსელონას და გლაზგოს უნივერსიტეტებში დაიცავს სამაგისტრო ხარისხს. მაგდას მიაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გრძელვადიანი, მკაფიო და ჩინოვნიკების შეხედულებებისგან დამოუკიდებელი გეგმის არსებობაა:
_ მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული განათლების განვითარების კუთხით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, სისტემა კვლავ ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას _ იქნება ეს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა, რელევანტურობა და ხარისხი, რელევანტურობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან თუ, ზოგადად, საზოგადოების დამოკიდებულება განათლების ამ საფეხურის მიმართ. ყველა ეს მიმართულება ერთმანეთთანაა დაკავშირებული და კომპლექსურია; შესაბამისად, სისტემური ცვლილებებია საჭირო.
ალბათ, ყველაზე მთავარი, მაინც გრძელვადიანი ხედვისა და სტრატეგიის არსებობაა, შემდეგ კი მისი გახორციელების პოლიტიკური ნება. საბოლოოდ უნდა გადავწყვიტოთ, რას გვინდა რომ მივაღწიოთ, როგორი გვინდა იყოს ჩვენი განათლების სისტემა და სად გვინდა ვიყოთ 3-5 თუ 10 წელიწადში. რაც მთავარია, ეს არ უნდა გადაწყვიტოს მხოლოდ სახელმწიფომ. აუცილებელია შევთანხმდეთ, რომ სტუდენტების, მასწავლებლების, განათლების პროვაიდერების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, კერძო სექტორის, მედიის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა დაინტერესებული მხარის როლი ამ პროცესში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით “პროფესიული უნარების სააგენტომ” ძალიან ღირებული ნაბიჯები გადადგა, რაც აისახა კიდეც პროფესიული განათლების განახლებულ სტრატეგიაში.
მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, მეორე საკითხია, როგორ ხორციელდება აღნიშნული სტრატეგია და რამდენად თანმიმდევრულად და გონივრულად მივიწევთ დასახული მიზნებისკენ. ვფიქრობ, ჩვენი განათლების სისტემა ძალიან მოწყვლადია კონკრეტული პარტიების, პოლიტიკური გავლენისა და ინდივიდუალური შეხედულებების მიმართ. იცვლებიან მინისტრები და მათ მიჰყვებათ დასახული სტრატეგიები, გეგმები, პროექტები თუ ინსტიტუციები. ახალი მინისტრები მოდიან ახალი შეხედულებებით, პირადი მიზნებითა თუ ღირებულებებით და ისევ თავიდან იწყება წრე, რომელზეც ვტრიალებთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან.
არ შემიძლია, ხაზი არ გავუსვა, რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. იქნება ეს სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მაგალითზე სწავლა თუ უშუალოდ დაწესებულებების, მასწავლებლების და სტუდენტების თანამშრომლობა და დამეგობრება ევროპულ კოლეჯებთან და უნივერსიტეტებთან. საბედნიეროდ, უკვე პროფესიული განათლების პროვაიდერებსაც აქვთ შესაძლებლობა ევროკავშირის დაფინანსება მოიპოვონ და ევროპული ორგანიზაციების პარტნიორები გახდნენ. ეს კი საშუალებას აძლევთ, მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში, გაიზიარონ ევროპული განათლების საუკეთესო პრაქტიკა თუ განივითარონ 21-ე საუკუნისთვის აუცილებელი უნარები.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროფესიული განათლება ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც არ ითვლებოდა პრესტიჟულ არჩევნად წლების განმავლობაში, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში, მაგალითად, ესტონეთში. თუმცა, ამ ქვეყნებმა ბევრი იშრომეს, რომ ეს სისტემა გარდაექმნათ. მათ შორის, შეცვალეს საზოგადოების დამოკიდებულება, რომელიც კულტურის ნაწილია და არაა მარტივი მისი შეცვლა.
მიუხედავად ამისა, დროსთან ერთად, ევროპაში იზრდება პროფესიული განათლების ცნობადობა, ხარისხი და ეფექტურობა. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ამჯობინებს დაეუფლოს პროფესიას და თუნდაც ამის შემდეგ გადაწყვიტოს გააგრძელოს სწავლა უმაღლეს დაწესებულებაში ან იმუშაოს საკუთარი პროფესიით. თანამედროვე კოლეჯები ევროპის ქვეყნებში აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებითა და პერსონალით. კვლევები მოწმობს, რომ პროფესიულ განათლებას განსაკუთრებით მარტივად და სწრაფად შეუძლია უპასუხოს შრომის ბაზარზე შექმნილ უთანასწორობას. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ პროფესიული განათლების წარმატება მჭიდროდ უკავშირდება სხვა ბევრი პრობლემის გადაჭრას, იქნება ეს სოციალური უთანასწორობა, უმუშევროობა თუ სიღარიბე, _ ამბობს მაგდა.
პროფესიული განათლების სფერო რეგულირდება პარლამენტის მიერ 2018 წელს მიღებული კანონით “პროფესიული განათლების შესახებ”, რომელმაც ჩაანაცვლა 2007 წლიდან მოქმედი “პროფესიული განათლების შესახებ” კანონი. 2019 წლიდან დაიწყო კანონის დანერგვის აქტიური ფაზა, რომელიც ერთი მხრივ, მჭიდროდ უკავშირდება ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს, ხოლო მეორე მხრივ, პასუხობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ისეთ ვალდებულებებს, როგორიცაა: მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისა და საკვანძო კომპეტენციების განვითარების შესახებ; მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისთვის “კვალიფიკაციების ევროპული ჩარჩოს” ჩამოყალიბების შესახებ; პროფესიული განათლებისა და ტრეინინგისთვის (ECVET) “კრედიტების ევროპული სისტემის” ჩამოყალიბების შესახებ; პროფესიული განათლებისა და ტრეინინგისთვის ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ჩარჩოს ჩამოყალიბების შესახებ; კვალიფიკაციებისა და კომპეტენციების გამჭვირვალობისთვის ერთიანი ჩარჩოს შესახებ (Europass).
კანონის საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს პროფესიული განათლების მოდელი, რომელიც ერთიანი საგანმანათლებლო სისტემის ნაწილი იქნება, სტრუქტურული და შინაარსობრივი კავშირებით განათლების სხვა ქვესისტემებთან.
მნიშვნელოვანია პროფესიული უნარების სააგენტოს დაარსება, რომელიც 2021 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ერთობლივად დააფუძნეს. სააგენტოს მიზანია ხელი შეუწყოს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული პროგრამების დანერგვას, ინოვაციური სწავლების მხარდაჭერას, კონკურენციის გაუმჯობესებას და უკეთესი დასაქმების შესაძლებლობებს. ასევე, საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობით, ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის მყარი საფუძვლის შექმნა ქვეყანაში.
2022 წელს მომზადდა განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია (2022-2030 წწ), რომელიც ეფუძნება განათლებისა და მეცნიერების სფეროში გახორციელებული რეფორმების მიღწევებისა და გამოწვევების ანალიზს. აღნიშნული სტრატეგიის ხედვის შესაბამისად, “2030 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემის მაღალი ხარისხი ინდივიდებს მისცემს შესაძლებლობას, გააკეთონ საუკეთესო არჩევანი თავიანთი კომპეტენციებისა და შესაძლებლობების განსავითარებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში შრომის ბაზრის საჭიროებების შესაბამისი სამუშაო ძალის განვითარებას და ინდივიდებს მისცემს საშულებას რეალიზდნენ საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისად”.
სამწუხაროდ, ეს ყველაფერი სასურველი მერმისია _ დღეს, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში, პროფესიის შერჩევისას, პროფესიული განათლების არჩევის მაჩვენებელი დაბალია. აღნიშნულს ადასტურებს უნარების სააგენტოს მიერ მომზადებული ეროვნული ანგარიში _ “პროფესიული განათლების განვითარება საქართველოში”. როგორც დოკუმენტიდან ჩანს, 2021-2022 სასწავლო წლებში პროფესიულ განათლებაში პირდაპირი გადმოსვლის მაჩვენებლები საშუალო საფეხურიდან 6% იყო, ხოლო საბაზო ანუ ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ _ მხოლოდ 2%. ეს ადასტურებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ზემოქმედებენ და გავლენა აქვთ ახალგაზრდების გადაწყვეტილებაზე _ ოჯახი, სკოლა, სოციუმი _ მათ ჯერ კიდევ არ აქვთ რწმენა, რომ პროფესიული განათლება შეიძლება იყოს პირველი არჩევანი სტუდენტებისთვის და მაინც, ჯერ უმაღლესი განათლება განიხილება როგორც ნომერ პირველი არჩევანი.
განათლების სპეციალისტი რევაზ აფხაზავა:
“პროფესიულმა განათლებამ საქართველოში სამწუხაროდ პოპულარობა ვერ მოიპოვა. საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული უმაღლეს განათლებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ _ ფილმიც გვაქვს გადაღებული “უდიპლომო სასიძოზე”.
სამწუხაროდ, ვერ გადაწყდა საკითხი, რომ მოთხოვნა გაჩენილიყო პროფესიულ განათლებაზე. ამაში ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორი: ერთი ის, რომ ზოგადად პროფესიული კონსულტაციის სერვისები სკოლებში არ არის გამართული და მოსწავლეებისთვის არ არის ცნობილი ის შესაძლებლობები, რომლებიც მათ აქვთ პროფესიულ განათლებაში და ის უპირატესობები, რაც აქვს პროფესიულ განათლებას.
ზოგადად, პროფესიული კონსულტაციის სერვისი გულისხმობს ამა თუ იმ პროფესიის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, თავად მოსწავლეების შეფასებას, მათი სურვილების და შესაძლებლობების ანალიზს და ბაზარზე არსებული მოთხოვნების გაცნობას, რაც, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილების მიღებას აადვილებს. მეორე საკითხი არის ის, რომ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, ვინაიდან, ჩვენთან ასეთი დამოკიდებულებაა მათ მიმართ, უნდა ხორციელდებოდეს ერთი მხრივ სკოლის ბაზაზე და მეორე მხრივ _ უნივერსიტეტების ბაზაზე. ეს, გარკვეულწილად, ამ სტიგმას და ნეგატიურ დამოკიდებულებას პროფესიული განათლების მიმართ შეამსუბუქებს. ამის მაგალითია აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე გახსნილი პროფესიული კურსები, რომელსაც მეტი მსურველი აღმოუჩნდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საინფორმაციო კამპანია უფრო იყოს გაშლილი ყველა მიმართულებით, არა მარტო სკოლებში, არამედ სატელევიზიო პროგრამებში, რეკლამებში და ა. შ. კარგად რომ მიეწოდებოდეს საზოგადოებას ინფორმაცია _ არა მარტო მოსწავლეებს, არამედ მათ ოჯახის წევრებს. ჩვენ გვაქვს ქვეყანაში პროფესიული სასწავლებლები კარგად აღჭურვილი, დასაქმების რეალური პერსპექტივით, საერთო საცხოვრებლით, თუმცა, სამწუხაროდ მათი კონტიგენტი ნახევრამდე არის შევსებული”.
მიღებული კონტიგენტიდან კი, ძალიან დიდი ნაწილი ვერ ასრულებს სწავლას, რასაც პროფესიული განათლების სააგენტოს მიერ 2023 წლის მარტში გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს. სწავლის მიტოვებაზე ფიქრის ყველაზე ხშირ მიზეზად პროგრამის საკუთარ მოლოდინებთან შეუსაბამობა მიიჩნევა (25%). ასევე, საკმაოდ ხშირად რესპონდენტები ოჯახურ მიზეზებს (23%) და სწავლის პარალელურად დასაქმებას (17%) ასახელებენ.
კურსდამთავრებულებმა შეაფასეს სერვისები, რომლებიც დასაქმების ხელშეწყობას და სტუდენტების მხარდაჭერას უკავშირდებოდა. საინტერესოა, რომ კარიერის მართვის სპეციალისტთან კონსულტაციას კურსდამთავრებულთა ნახევარი არ აფასებს დადებითად. ასევე, შედარებით დაბალია კურსდამთავრებულთა მიერ სტაჟირების გამოცდილების და სტაჟირების შესაძლებლობების ძიების პროცესში დახმარების შეფასებები.
განათლების ხარისხი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოწვევაა, რაზეც საერთაშორისო შედარებით ანგარიშებში კომპეტენციების განვითარების რეიტინგულ სიებში საქართველოს ადგილი მიგვითითებს.
ნორმირებულ სასკოლო განათლების ხანგრძლივობის მაჩვენებელი საქართველოში 8 წელს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მოსწავლეთა მიერ სკოლაში გატარებული წლები პირდაპირ არ ითარგმნება სწავლის შედეგებში _ სწავლის შედეგებით ნორმირების შემდეგ, სასკოლო განათლების ნორმირებული ხანგრძლივობა საქართველოში მოსალოდნელზე 4 წლით ნაკლებია, რაც უმეტეს ქვეყნებში განათლების ერთი საფეხურის ხანგრძლივობას უტოლდება (მსგავსი მაჩვენებელი აქვს სომხეთს, ბოსნია და ჰერცეგოვინას, კოსოვოს).
განათლების ხანგრძლივობაში ეს თვალშისაცემი სხვაობა განიხილება, როგორც ადამიანური კაპიტალის დანაკარგი, რადგან მოსწავლეები სკოლაში არ იძენენ შესაბამის კომპეტენციებს, რაც მოგვიანებით უარყოფით გავლენას ახდენს მათი ცხოვრების ხარისხზე.
განათლების ხარისხის კიდევ ერთ შედარებით საზომს აკადემიური მიღწევის დაბალი მაჩვენებლის მქონე მოსწავლეთა წილი წარმოადგენს. საქართველოს მაჩვენებელი აქაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება როგორც OECD ქვეყნების, ისე ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. კერძოდ, კითხვის სფეროში საბაზო მეორე დონის ქვემოთ მოსწავლეების 64%-ია, მათემატიკის სფეროში _ 61%, ხოლო მეცნიერებების სფეროში _ 64% გვყავს. ევროკავშირის ქვეყნებში ეს მაჩვენებლები სამჯერ დაბალია და 23%-ს უტოლდება.
საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სახეებია: პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიული მომზადების პროგრამები, პროფესიული გადამზადების პროგრამები და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამები. დაწესებულება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს მოიპოვებს ავტორიზაციის დებულებით განსაზღვრული პროცედურების და სტანდარტების შესაბამისად, ავტორიზაციის მოპოვების გზით. მხოლოდ ავტორიზებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული დიპლომის გაცემის უფლება.
ავტორიზაციის პროცედურის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს სსიპ “განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი”. სამაგიეროდ, პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე უმაღლეს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დამატებითი ავტორიზაციის მოპოვების გარეშე აქვთ უფლება განახორციელონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. მათ შორის, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს განახორციელოს ნებისმიერი სახის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა, პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს განახორციელოს საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა, პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა.
2024 წლის 3 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში 19 ავტორიზებული სახელმწიფო კოლეჯია (მათ შორისაა, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯიც); 7 _ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კოლეჯი; 39 _ ავტორიზებული კერძო კოლეჯი.
გურიაში კოლეჯი “ჰორიზონტი” ფუნქციონირებს, რომელსაც ლანჩხუთში და ჩოხატაურში ფილიალები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ პროექტზე მომუშავე ჯგუფმა დიდი ძალისხმევა გაიღო ჩოხატაურში სრულფასოვანი კოლეჯის დასაარსებლად, რომელიც რეგიონში კონკურენციის, სერვისების შეთავაზების, ბიზნესსექტორის საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილების კლიმატს შექმნიდა, თანამდებობის პირების პირადი ამბიციების და რეიტინგის გაზრდის სურვილის გამო, გამოცხადებული ტენდერები ხელოვნურად ჩაიშალა, სახსრები გადანაწილდა და ორი, არაფრით გამორჩეული ფილიალი მივიღეთ.
როგორც სასწავლებლის ვებგვერდიდან ირკვევა, ამ კოლეჯში სწავლება შემდეგ ფაკულტეტებზე მიმდინარეობს:
ადმინისტრაციული პროცესები, დასუფთავება და უსაფრთხოება სასტუმროში; თმის ღებვა და ქიმიური დამუშავება; კერძების მომზადება სხვადასხვა ტექნოლოგიური მეთოდით; მაკიაჟის შესრულება და დერმოპიგმენტაცია; სააღმზრდელო პროცესის წარმართვა და მეთოდოლოგიური სკოლამდელი აღზრდა; საერთაშორისო სამზარეულოს კერძების და მინი ნაწარმის მომზადება; საყოფაცხოვრებო ნაწარმის კერვა და დეკორატიული გაფორმება; უსაფრთხოება და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობა სკოლამდელ დაწესებულებაში; ქალის მსუბუქი ტანსაცმლის მასალაში შესრულება. კატალოგში არ იძებნება, მაგრამ როგორც გვითხრეს, ჩოხატაურის ლოკაციაზე წელს დაემატა ახალი გრძელვადიანი პროგრამა “სატყეო საქმე”.
როგორც სასწავლებლის ვებგვერდიდან ირკვევა, წლის განმავლობაში სამივე მუნიციპალიტეტში 600-მდე ადამიანი იღებს სწავლა-განათლებას. სამივე კოლეჯში 100-მდე ადამიანი არის დასაქმებული.
ვერსად მივაკვლიეთ ინფორმაციას ან კვლევას, თუ რომელი პროფესიებია მოთხოვნადი გურიის შრომით ბაზარზე, რომელი დარგები ვითარდება პერსპექტიულად, რომ დასაქმების უზრუნველყოფის გათვალისწინებით, ადამიანური რესურსიც გადაეწყოს პროფესიის ასათვისებლად. ერთი ცხადი და თვალნათელია: მცირე ჰესების ბუმის ფონზე, არსად ჩანან ენერგეტიკოსები, სანთლით საძებნელია ზოოტექნიკოსები, აგროტექნიკოსები, კომპიუტერული სფეროს მუშაკები, მშენებლობაში საჭირო პროფესიონალები, სანტექნიკოსები. შრომის ბაზარზე არსებული დეფიციტი ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია ახალი ბიზნესის შემოსვლის და ძველის განვითარებისთვის.
საინტერესოა კურსდამთავრებულთა დასაქმების სტატისტიკაც: საქართველოში _ 56%; ევროპაში _ 80%; გერმანიაში _ 90%.
ქეთი ანთაძე-ტამმინგა, რომელიც გერმანიაში, საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობს, “გურია ნიუსისთვის” მომზადებულ ანალიზში წერს:
“კონკურენტუნარიანი საწარმოს დაფუძნებისთვის, ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორია განუვითარებელი ინფრასტრუქტურა და მოუმზადებელი მუშახელი. მიუხედავად ბოლო წლებში გახორციელებული აქტივობებისა, საქართველოში უმძიმესი მდგომარეობაა პროფესიული განათლების ეფექტურობის კუთხით. მწვავეა საგანმანათლებლო პროგრამების ნაკლებობა იმ პროფესიულ მიმართულებებში, როგორიცაა ელექტრო კომუნიკაციები, ხისა და ლითონის დამუშავება, მოპირკეთების, საგზაო საფარის დამუშავების, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის მართვა, აგრონომიული და ზოოვეტერინარული მიმართულებები.
საქართველოს ბაზარზე ტექნიკურ მომსახურებაზე დიდ მოთხოვნას აკმაყოფილებენ თვითნასწავლი ხელოსნები, რომელთა შექმნილი პროდუქტიც არ შეესაბამება უცხოური ან ადგილობრივი მაღალსტანდარტული ინვესტორის მოლოდინებს. თეორიული განათლების ნაკლებობა განაპირობებს უსაფრთხოების ნორმების სავალალო დაუცველობას, რასაც არაერთი მსხვერპლი მოჰყოლია ბოლო წლების განმავლობაში. განსაკუთრებით მწვავეა ქალების პროფესიული მომზადების დონე რეგიონებში, სადაც დაოჯახება პროფესიული წინსვლის დასრულებას ნიშნავს. ჯერ კიდევ შრომისუნარიანი ქალების დიდი ნაწილი სრულიად ფორმალური განათლების გარეშეა დარჩენილი.
პროფესიული განათლების ვაკუუმი არასწორი საგანმანათლებლო პოლიტიკის შედეგია. საქართველოსთვის სასარგებლო იქნებოდა დასავლეთ ევროპის ქვეყნების მოდელები, სადაც პროფესიული განათლების რეპუტაციის ამაღლება მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული დღემდე სახელწიფოს მთავარი ამოცანაა. გერმანიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ბელგიისა და ავსტრიის პროფესიული განათლების მოდელები საკმაოდ მსგავსია, რადგან ამ მოდელის წარმატება ბოლო ათწლეულებმა დაადასტურეს.
გერმანიაში პროფესიულ განათლებას სამი ცენტრალური მონაწილე ჰყავს _ შეგირდი, დამსაქმებელი კომპანია, სადაც საქმე სამუშაო ადგილზე გამოცდილი კოლეგების დახმარებით ისწავლება და პროფესიული განათლების სკოლა, რომელიც თეორიული განათლების მიცემაზეა პასუხისმგებელი. ზოგიერთ შემთხვევაში, საბაზისო და პროფესიული განათლების ინტეგრირებაა შესაძლებელი, რაც საბოლოოდ 19-20 წლის ასაკში პროფესიის ქონასა და სამუშაო ბაზარზე შესვლას შესაძლებელს ხდის.
პროფესიული განათლების ფარგლებში, ყოველკვირეულად, შეგირდი ოთხი ან სამი დღე პრაქტიკულ განათლებას დამსაქმებელ კომპანიაში იღებს. დანარჩენი სამუშაო დღეების განმავლობაში, სასწავლო პროცესი პროფესიულ სკოლაში მიმდინარეობს. დამსაქმებელი კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს შეგირდისთვის პროდუქტიული სასწავლო გარემო, სოციალური დაზღვევის სრული პაკეტი და ყოველთვიური ანაზღაურება. სასწავლო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურება გამოცდილი კოლეგების ანაზღაურებაზე დაბალია, თუმცა შეგირდის შრომის ღირსეული პირობები და მისი ძალისხმევის დაფასება გერმანული შრომის კანონმდებლობითაა დარეგულირებული.
პროფესიული განათლების ფარგლებში არსებობს რამდენიმე გამოცდა, რომელიც შეგირდის წინსვლის დემონსტრირებას ემსახურება. დასკვნით ფაზაში ხდება ფინალური გამოცდის ჩაბარება და სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომების მინიჭება ისეთ პროფესიებში, როგორიცაა სკოლამდელი ასაკის აღმზრდელი, ელექტრიკოსი, დურგალი, ლითონის დამუშავების სპეციალისტი, პარიკმახერი, იურისტის დამხმარე, მდივანი, ექთანი, ექიმის დამხმარე, გამყიდველი, ლაბორანტი და ა. შ.
ამ პროფესიების უმრავლესობაში რეგულარულად ხდება პროფესიული გადამზადების პროგრამების შეთავაზება, რომ მუშახელის თეორიული მომზადების დონე მაღალი დარჩეს. პრიორიტეტი არის მუშახელის თანასწორობა აკადემიურ პერსონალთან და პროფესიული განათლების მქონე პირების საზოგადოებრივი სტატუსის ამაღლება.
პროფესიული განათლების სისტემის საქართველოში დანერგვა ევროპული ინტეგრაციის პროცესის ნაწილია, რადგან ევროპული ოჯახის წევრობა კანდიდატი ქვეყნისთვის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გარკვეული სტანდარტის ქონას გულისხმობს. ამიტომ, ევროპულმა დონორებმა საქართველოში არაერთი პროექტი დააფინანსეს, რომლითაც, მაგალითად, ქალ მეწარმეებს გაუადვილა ბაზარზე შესვლა. ამ პროექტების შეწყვეტა დიდი უკუსვლა იქნებოდა მცირე ბიზნესების ზრდადი სეგმენტისთვის.
ევროკავშირისკენ სწრაფვა ქართულ შრომითი ბაზრის განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რადგან სუბსიდირებული პროექტების გარეშე, ბაზარზე ინვესტიციების მოზიდვა მომავალში უფრო გაძნელდება. ინვესტიციის ნაკლებობა კი სამუშაო ადგილების დეფიციტს გაამწვავებს. თავის მხრივ, უმუშევრობის მაღალი დონის პირობებში, ინტერესი პროფესიული განვითარების მიმართ ვერ დაკმაყოფილდება და კვალიფიკაციის ვაკუუმი ეკონომიკის რეალურ ზრდას მომავალშიც შეაფერხებს. სიტუაცია, რაც ბოლო 15 წელია არსებობს, უცვლელია და ევროპული ოჯახის დახმარების გარეშე, ვერ გაუმჯობესდება”.
მოდით, ვნახოთ რა ხდება ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნის _ ესტონეთის პროფესიული განათლების სფეროში; როგორც სხვა, ჩვენსავით პოსტსაბჭოურ ქვეყანას, მასაც მოუხდა საბჭოთა სისტემების ბორკილების მსხვრევა.
ახალი დემოკრატიის ქვეყანა _ ესტონეთი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს შორის 2004 წლიდან ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად ითვლება, დიდ ყურადღებას აქცევს პროფესიულ განათლებას. პროფესიული განათლება და სწავლება (VET) იქ განათლებისა და კვლევის სამინისტროს იურისდიქციაშია და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოქნილი და კვალიფიციური სამუშაო ძალის უზრუნველსაყოფად.
ესტონური რვადონიანი პროფესიული სტანდარტების კვალიფიკაციის ჩარჩო დაფუძნებულია კომპეტენციებზე და წარმოადგენს პროფესიული განათლების კურიკულუმების საფუძველს. სოციალური პარტნიორები ჩართულნი არიან პროფესიული განათლების პოლიტიკის შემუშავებასა და გახორციელებაში. ისინი გაწევრიანებულები არიან ეროვნულ პროფესიულ საბჭოებში და ჩართულნი არიან პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობის, სასწავლო გეგმების შემუშავებაში. მათი წარმომადგენლები მიეკუთვნებიან პროფესიული განათლების დაწესებულების საკონსულტაციო ორგანოებს.
პროფესიული განათლების პროვაიდერები თავაზობენ როგორც საწყის, ასევე გრძელვადიან პროგრამებს. საწყისი VET შეთავაზებულია ესტონეთის კვალიფიკაციის ჩარჩოს 2, 3, 4 და 5 დონეზე (და ევროპული კვალიფიკაციის ჩარჩო, EQF). მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ როგორც სრულ განაკვეთზე სწავლა, ასევე თვითსწავლაზე (“არასტაციონარული” სწავლება) აქცენტირებული სასწავლო მოდელები. სრულ განაკვეთზე სწავლა ხელმისაწვდომია სკოლის დონეზეც, რომელიც მოიცავს სწავლებას სკოლებში, პრაქტიკებს საწარმოებში და შეგირდობის ელემენტებსაც. განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური დახმარება ხელმისაწვდომია პროფესიული განათლების შემსწავლელებისთვისაც.
ევროპული კვალიფიკაციის ჩარჩოს მე-2 და მე-3 დონეზე არ არის რაიმე შეზღუდვა, მაგრამ მე-4 საფეხურზე გადასასვლელად, აუცილებელია საბაზისო განათლების სერთიფიკატი, რაც თავისთავად გულისხმობს ასაკობრივ შეზღუდვას (მინიმუმ, 17 წლის).
ესტონეთში ზოგად და პროფესიულ საშუალო პროგრამებში მოსწავლეთა თანაფარდობა არის სამი ერთთან. მიუხედავად იმისა, რომ საშუალო პროფესიულ განათლებაში მიღწეული კვალიფიკაცია იძლევა უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას, ესტონელთა მხოლოდ 7 %-ი აგრძელებს სწავლას უმაღლესი განათლების მისაღებად.
მიუხედავად იმისა, რომ ესტონეთში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შემსწავლელთა რაოდენობა მცირდება, ზრდასრული მოსწავლეების წილი (25 წელზე მეტი ასაკის) საწყის და გრძელვადიან პროფესიულ სწავლებაში გაიზარდა და 2022/23 წლებში მიაღწია ყველა პროფესიული განათლების შემსწავლელთა 38.5%-ს. 2010 წლიდან, ასევე, გაიზარდა უმაღლესი განათლების მქონე ზრდასრულთა პროპორცია, რომლებიც შემდგომ იღებენ პროფესიულ განათლებას. აღსანიშნავია, რომ, საწყის და გრძელვადიან განათლებაში მსმენელს უფლება აქვს ისარგებლოს სასწავლო შვებულებით.
პროფესიული სწავლების პროგრამებში პრაქტიკული სწავლების წილი 35%-ი და მეტია, რაც დამოკიდებულია პროგრამის ტიპზე. ხოლო სკოლის დონეზე, დაახლოებით თანაბრად იყოფა თეორიული და სამუშაო ადგილზე სწავლის პროცესი.
ესტონეთში პროფესიული განათლების პროგრამები ძირითადად ესტონურ ენაზე ისწავლება. თუმცა, ასევე არსებობს ინგლისურ და რუსულენოვანი პროგრამები (რუსულენოვანი პროგრამები 2030/31 წლისთვის გაუქმდება ან ესტონურენოვან პროგრამებად გარდაიქმნება).
რაც შეეხება უმუშევრობას და დასაქმების ბაზარს, 2022 წელს უმუშევრობის მაჩვენებელი 4,5% იყო (5,4% _ ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი). ამ მაჩვენებელში ძირითადი წილი არაკვალიფიციურ მუშახელზე მოდის, ხოლო 20-დან 34 წლამდე პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 2018 წლის მონაცემებით თუ 79.2% შეადგენდა, 2022 წელს ეს ციფრი 83.5%-მდე გაიზარდა.
ესტონეთში განათლებას ტრადიციულად მაღალი ღირებულება აქვს _ მრავალი წლის განმავლობაში, ესტონეთში უმაღლესი განათლების მქონე 64 წლამდე ასაკის მოსახლეობის წილი უფრო დიდი იყო, ვიდრე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ამასთან, დაბალი კვალიფიკაციის მქონე ან კვალიფიკაციის არმქონე პირთა წილი ყველაზე დაბალია ევროკავშირში, ლიეტუვის, ხორვატიის, სლოვაკეთის, პოლონეთის, ლატვიისა და სლოვენიის შემდეგ.
თუ ესტონეთში პროფესიული განათლება ერთი სამინისტროს იურისდიქციაშია, მოდით, ვნახოთ რა ხდება საქართველოში _ რამდენი პატრონის ხელშია ჩვენი “ახალშობილი”:
საქართველოს მთავრობა _ ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას; განსაზღვრავს სექტორის განვითარების სტრატეგიას; ამტკიცებს პროფესიული განათლების განხორციელებისთვის, კანონით განსაზღვრულ წესებსა და პროცედურებს; ქმნის სათათბირო ორგანოს;
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო _ ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას; პროფესიული განათლების განხორციელების მიზნით, აფუძნებს საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს და ახორციელებს მათ კონტროლს; ამტკიცებს პროგრამების გახორციელებასთან, სტუდენტთა ჩარიცხვასთან, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებულ ცალკეულ რეგულაციებს; ახორციელებს კანონით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს;
ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტო _ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში დაფუძნებული ორგანიზაცია, რომლის მიზანია: ქვეყნის ეკონომიკის საჭიროებებზე მისადაგებული, თანამედროვე უნარების განვითარების ხელშეწყობა; ინდივიდის საჭიროებებზე მორგებული, ინკლუზიური პროფესიული განათლებისა და განვითარების ხელშეწყობა და ადამიანური კაპიტალის განვითარების პოლიტიკის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას;
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) წარმოადგენს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ უწყებას, რომელიც პასუხისმგებელია პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირებაზე;
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (NCEQE) წარმოადგენს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ უწყებას, რომელიც ახორციელებს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პროცედურებს;
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (TPDC) წარმოადგენს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ უწყებას, რომელიც პროფესიულ განათლებაში სწავლა/სწავლების ხელშეწყობისთვის შეიმუშავებს ან/და ახორციელებს პროგრამებს პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის;
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (ESIDA) წარმოადგენს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ უწყებას და უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გამახორციელებელი დაწესებულებების რეაბილიტაციას, მშენებლობას, ინვენტარითა და ტექნიკით მომარაგებას.
სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) წარმოადგენს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ უწყებას, რომელიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამასა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვის მიზნით, პასუხისმგებელია პროფესიული ტესტირების ორგანიზებაზე.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯი _ იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამებს, პროფესიული მომზადების პროგრამებს, პროფესიული გადამზადების პროგრამებს და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამებს.
“ჩვენ, ბოლო წლების განმავლობაში, დაახლოებით, 200 მლნ ლარზე მეტი დავხარჯეთ საჯარო პროფესიული კოლეჯების განვითარებაში. მათ შორის, კერძო კოლეჯებსაც ვეხმარებით, თუმცა გამოცდილებით, საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზით, ჩვენ ამ ყველაფერმა გვაჩვენა, რომ შეუძლებელია იმ შედეგებზე გასვლა, თუ კიდევ უფრო ახლოს არ ჩავრთავთ ბიზნესს, კერძო სექტორს და უკვე რეალურად სახელმწიფო გახდება არამხოლოდ ტექნიკური მხარდამჭერი პროფესიული განათლების განხორციელებაში, არამედ თანაინვესტორი…განათლების სამინისტრო ხსნის ფანჯარას და მზად არის, ბიზნესის წარმომადგენლებსა და ჯგუფს მათივე იდეების ფარგლებში მოუსმინოს და მათთან ერთად იმუშაოს წარმოდგენილ იდეებზე. მიმართვა კი ოფიციალურად 15 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი”, _ განაცხადა განათლების მაშინდელმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა 2024 წელს. ეს ის მინისტრია, რომელმაც პროფესიული უნარების სააგენტოდან პროფესიონალთა გუნდი გაუშვა, მისი წინა სამსახურიდან გადმოყოლილი თანაშემწეებით ჩაანაცვლა. ისე მოხდა, რომ 14 ნოემბერი უმისოდ მოვიდა – ამილახვარი აღარაა მინისტრი და ახალი მინისტრის მიერ “გახსნილი ფანჯრების” შესახებაც საზოგადოებამ ჯერ-ჯერობით არაფერი იცის.
და ისევ საგულისხმო სტატისტიკა: საქართველოში, 178 ათასი უმაღლესი განათლების სტუდენტი გვყავს და მხოლოდ 16 ათასი სტუდენტი პროფესიული განათლების საფეხურზე..სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, უმუშევრობის დონე ქართველ ახალგაზრდებში (15-25 წლამდე) 30%-ს აჭარბებს, ხოლო იმ ახალგაზრდების წილი, რომლებიც არც მუშაობენ და არც სწავლობენ, 26%-ია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ციფრები ბოლომდე არ ასახავს რეალობას, ვინაიდან საქართველოში სოფლის მეურნეობაში მომუშავეებს (რომელთა შემოსავალი უმეტესად საარსებო მინიმუმს არ სცდება) სტატისტიკის სამსახური დასაქმებულებად თვლის.
განათლების სპეციალისტი რევაზ აფხაზავა: “ევროპულ ქვეყნებში სხვადასხვანაირადაა მოგვარებული პროფესიული განათლების საკითხი, მაგრამ პროფესიული კონსულტაციის სერვისები ყველგანაა განვითარებული; მოსწავლეები სკოლებშივე იღებენ ინფორმაციას ამა თუ იმ პროფესიის, პროფესიული განათლების უპირატესობების შესახებ, აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს, ბაზრის მოთხოვნებს. პროფორიენტაციას რასაც ეძახდნენ ადრე, ეს არის პროფესიული კონსულტაცია. სახელობო პროგრამები სკოლის ბაზაზე აქტიურად ხორციელდება ბევრ ქვეყანაში, რაც საშუალებას აძლევს ახალგაზრდას ეს უნარები პარალელურად შეიძინოს და თუ უნდა, უმაღლესშიც გააგრძელოს მერე სწავლა. ყოველი შემთხვევისთვის, შეხება პროფესიულ განათლებასთან აქვს და გარკვეული სერტიფიცირებული პროფესიული მიმართულებაც შეიძლება ჰქონდეს დამთავრებული, რაც საშუალებას აძლევს, შრომის ბაზარზე უფრო მალე შევიდეს. მოგეხსენებათ, უმაღლესი განათლების შემთხვევაში, უფრო დიდი დრო სჭირდება შრომის ბაზარზე შესვლას, უფრო დაბალი ხელფასით შედიან და საბოლოო ჯამში, შეიძლება უფრო მაღალი ხელფასი ჰქონდეს, მაგრამ დროის გრძელ პერსპექტივაში. ამ შემთხვევაში კი, ბაზარზე შესვლა უფრო ადვილია და საწყისი ხელფასი შეიძლება უფრო მეტიც იყოს.
ეს ყველაფერი თავისთავად, თანმიმდევრული მუშაობის გარეშე არ მოხდება. მაგალითად, სკოლებში არ გვყავს პერსონალი, რომელიც პროფესიულ ორიენტაციაზე კვალიფიციურად იმუშავებს. მეტიც, პროფესიული კონსულტანტის პროფესიაც კი არ გვაქვს. ამ მიმართულებით ბევრი საქმეა გასაკეთებელი, თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, პროფესიული განათლების პროფესიული უნარების ცენტრში ისეთი საკადრო ცვლილებები განახორციელა არსებულმა ხელისუფლებამ, ამ მიმართულებით რაიმე კარგი პერსპექტივის იმედი ძალიან საეჭვოა _ კარგი გუნდი, რომელიც იქ თანმიმდევრულად და გეგმაზომიერად მუშაობდა ძალიან ბევრ პოზიტიურ და მნიშვნელოვან საკითხზე, სააგენტოდან გაუშვეს. ეს კი ამ პროცესს კიდევ უფრო პრობლემურს ხდის”.
არაპროფესიული მიდგომებით დამძიმებული პროფესიული განათლება ჩვენს ქვეყანაში მალე საერთოდ ვეღარ განვითარდება, _ ასეთია განათლების სპეციალისტის რევაზ აფხაზავას ვერდიქტი:
_ პროფესიული განათლების განვითარებაზე მომუშავე სახელმწიფო, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების პროგრამები, აქამდე დიდ ფინანსურ მხარდაჭერას იღებდა სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებისგან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებს, მთლიანობაში ევროკავშირს წარმოადგენდნენ. ეს იყო ძალიან დიდი წვლილი ჩვენთან პროფესიული განვითარების პროცესში; და თუ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, დახმარება გაცილებით მეტი იქნება. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მოცემულობით, აქამდე რა დახმარებაც იყო, ისიც აღარ იქნება _ ნაწილობრივ უკვე შეჩერებულია ბევრი პროგრამა. ამას ჩვენი განათლების სისტემა უკვე გრძნობს და ძალიან მალე უკვე ძალიან სერიოზულ ჩიხში შევალთ, რადგან ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ამ მხარდაჭერის გარეშე, განათლების მიმართულებით ძალიან ბევრი პროექტი გაჩერდა ან გაჩერდება მალე.
_ შეგიძლიათ ჩამომითვალოთ რა პროგრამები გაჩერდა?
_ მაგალითად, გაჩერდა USAID-ის, ევროკავშირის პროექტები. ბევრმა ორგანიზაციამ, სამწუხაროდ, შეწყვიტა საქმიანობა სამოქალაქო სექტორში, იმიტომ რომ არ დარეგისტრირდა აგენტად “რუსული კანონის” გამო. სახელმწიფოს მხრიდან არ არის შესაბამისი მხარდაჭერა, დონორი ორგანიზაციები კი ვეღარ ოპერირებენ თავისუფლად უკვე ჩვენთან და ფინანსური დახმარებები კიდევ უფრო და უფრო შემცირდება.