ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების წევრები, ყურადღებით ვადევნებთ თვალს ოზურგეთში ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესს და გამოვხატავთ შეშფოთებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტის გამო, _ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში არჩეულ პირებს საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრიათ, ისინი თავიანთი მოქმედებებით უნდა იყვნენ სამაგალითო და მისაბაძი საზოგადოების დანარჩენი წევრებისთვის.
„ამ ფონზე განსაკუთრებით საგანგაშოდ მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს ბრალი აქვს წაყენებული ცემის ან სხვაგვარი ძალადობის გამო. ეს ფაქტი არამხოლოდ ცალკეულ დეპუტატს ან დეპუტატებს უტეხს სახელს, არამედ ზიანს აყენებს მთლიანად საკრებულოს რეპუტაციას.
ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება და სასამართლო პროცესი, რომელიც უკვე დაწყებულია, იქნება ეფექტიანი და მოვუწოდებთ მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მიიღოს ქმედითი ზომები მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის, რათა საკრებულოს წევრები, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, დროსა და ენერგიას ხარჯავდნენ არა პირად ანგარიშსწორებებში, არამედ მოსახლეობის პრობლემების მოგვარეობაში“, _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი; დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ოზურგეთის ოფისი; ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი „პროგრესის სახლი“ (ყოფილი ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი); მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი MSDC; საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი; სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო; ფენიქსი 2009; ქალები რეგიონის განვითარებისთვის.