დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში აქცია გაიმართა. ეს არ იყო პირველი აქცია, რომლითაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს მდინარე სუფსაზე კომპანიამ „ახალმა ქარხანამ“ შეწყვიტოს ქვა-ღორღის მოპოვება. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ კომპანია კანონდარღვევით მუშაობს. მათი თქმით, მდინარემ საყანე ფართობები მიიტაცა, მიმდებარედ ხიდიც დაინგრა და სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში, ეკოლოგიური კატასტროფა გარდაუვალი იქნება. აღნიშნულ სამუშაოებს შპს ,,ახალი ქარხანა” ახორციელებს. მისი წარმომადგენლები დღევანდელ აქციაზე არ გამოჩენილან. ადგილობრივი ხელისუფლება კი კომენტარს არ აკეთებს. აკეთის მოსახლეობა მათ მოთხოვნაზე დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პერმანენტული აქციების მოწყობას გეგმავს.
„ამ ტერიტორიაზე ადრე იყო საქონლისთვის საძოვარი და ახლა კი ხედავთ, რაც ხდება. ეს მდინარის კალაპოტის დაღრმავებამ გამოიწვია. მთავარი მოთხოვნა არის, გავიდეს სუფსის სანაპიროდან „ახალი ქარხანა“, რადგან ჩვენს, ადამიანების მოთხოვნებს არ ითვალისწინებენ, _ გვითხრა სოფელ აკეთში მცხოვრებმა ამირან ღლონტმა.
„დღეს მქონდა იმედი, რომ აქ იქნებოდნენ სოფლის და მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ… სოფელ აკეთის მცხოვრებლებს გვაქვს სერიოზული პრობლემა. არავინ იცის, როდის, რა დაგვემართება და რა პრობლემები შეგვექმნება. ყველაზე მეტად ხალხის აგდება არ შერჩება არავის. მოვიდნენ, ვისაც ეხება ეს საკითხი და კარგად შეისწავლონ, რა ხდება ჩვენს სოფელში, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს აკეთში მცხოვრებმა დალი ჯაყელმა.
„10-15 წლის წინ ადიდებულმა მდინარემ წაგვართვა საყანე ფართობი, რის შემდეგ გააკეთეს ჯებირები. ადიდებულმა მდინარემ წაგვართვა მიწის ნაკვეთები. მსგავსი პრობლემის წინაშე ვართ ახლაც და ამიტომ ვითხოვთ დახმარებას.
არავინ ვიცით, აქ მცხოვრებლებმა რა რაოდენობის ქვიშა-ღორღი გააქვთ და რამდენად კანონიერად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს ლიცენზიის მქონე კომპანია, _ თქვა აქციაზე ადგილობრივმა ოლეგ ქუტიძემ.
აქციაზე იმყოფებოდა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე.
„ქვემო აკეთის მოსახლეობამ მოგვმართა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისს“ დახმარებისთვის და ჩვენც სამართლებრივი კუთხით ვეხმარებით. გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოდან. 10-დღიანი ვადა გავიდა, მაგრამ პასუხი ჯერ არ მოგვსვლია. გარდა ამისა, მოსახლეობამ წერილით მიმართა მხარის გუბერნატორს, ასევე, მინერალური რესურსების სააგენტოს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისაც, მაგრამ არც მათი მხრიდანაც ისმის პასუხი. ერთი კვირის წინ შეხვედრა შედგა კომპანიის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის. კომპანიის წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ ისინი კანონის ფარგლებში მოქმედებენ. ჩვენ კი, გვაქვს ეჭვი, რომ ქვიშა-ხრეშის მოპოვება კანონდარღვევით ხდება, რადგან პერმანენტულად ხდება მდინარის კალაპოტის შეცვლა; ინერტული მასალის მოპოვება ხდება პირდაპირ მდინარიდან და სველი ქვიშა-ხრეშით იტვირთება სატვირთო მანქანები, რომლებიც პირდაპირ მიდიან და სველ მდგომარეობაში ტოვებენ ჩოხატაური-ოზურგეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზას. მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ აქ მოსულიყო კომპეტენტური პირები და მომხდარიყო შემოწმება, რა სიღრმიდან ამოაქვთ მდინარიდან ქვიშა-ხრეში. რა ოდენობით იქნა მოპოვებული და აქვთ თუ არა ლიცენზიანტ კომპანიას მდინარისთვის კალაპოტის შეცვლის უფლება. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ამ ეტაპისთვის შემოწმება არ მომხდარა“, _ გვითხრა თამაზ ტრაპაიძემ.
ამ ეტაპზე უცნობია, ადგილობრივი ხელისუფლების და კომპანია „ახალი ქარხნის“ წარმომადგენლების პოზიცია. „გურია ნიუსი“ ჩაწერისთანავე შემოგთავაზებთ მათ კომენტარს.
ავტორი