საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ოზურგეთში. ოზურგეთის #4 საჯარო სკოლაში ტარიელ კალანდაძეს დირექტორობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე სამინისტრომ უარი უთხრა.
ამჯერად #4 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მხოლოდ ერთი კანდიდატის ხათუნა ლომთაძისთვის მოუწევს მოსმენა. ის ამავე სკოლის პედაგოგია.
„გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ტარიელ კალანდაძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია თუ რატომ არ დაუჭირა მხარი სამინისტრომ მის კანდიდატურას.
ტარიელ კალანდაძე: ბოლო წლებში ერთხელ ვარ არჩეული და ერთხელ დანიშნული ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის დირექტორად. ახლა მქონდა უფლება კიდევ მიმეღო მონაწილეობა არჩევნებში. მინდა გითხრათ, რომ გურიის რეგიონის არცერთ სკოლაში ორი კანდიდატი არ ყოფილა დარეგისტრირებული. მხოლოდ ოზურგეთის #4 საჯარო სკოლაში იყო ორი კანდიდატი. აქედან გამომდინარე, სამინისტროს ჰქონდა შესაძლებლობა ორივე კანდიდატურა წარედგინა სამეურვეო საბჭოსთვის. კანდიდატები წარვადგენდით ჩვენს ხედვას პრეზენტაციის სახით და შემდეგ სამეურვეო საბჭო მიიღებდა გადაწყვეტილებას. ახლა უბრალოდ უკმარისობის განცდა გვეუფლება მეც და სკოლის პედაგოგებს, ჩემს მეგობრებს, არჩევანის უფლება წაგვართვეს.
„გურია ნიუსის“ კითხვაზე ოზურგეთში სამინისტროს გადაწყვეტილებას საპროტესტო აქცია მოჰყვა, თქვენი აზრით, მოსალოდნელია თუ არა მათი მხრიდან გადაწყვეტილების შეცვლა? ტარიელ კალანდაძემ გვიპასუხა:
„არამგონია ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს. ჩემი გულისთვის ვინ შეცვლის ბრძანებას. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,“ – გვითხრა მან.
ტარიელ კალანდაძე ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის დირექტორი 35 წლის განმავლობაში იყო და მას 44 წლიანი პედაგოგის სტაჟი აქვს.
დღევანდელ დღეს გამართულ აქციაზე სკოლის პედაგოგებმა განათლების სამინისტროს ღია წერილით მიმართეს. ისინი სამინისტროსგან ელოდებიან განმარტებას თუ რა მიზეზით უთხრეს უარი ტარიელ კალანდაძის კანდიდატურას.
ავტორი