„საკრებულოს წინა სხდომაზე ერთ-ერთმა დეპუტატმა თქვა, რომ არ იყო საკმარისი სინათლე ამ დარბაზში და დღეს დავრწმუნდი რომ ბნელა. ბატონ ხაბეიშვილს დაეხმაროს ვინმე, აწეული აქვს მთელი სხდომის განმავლობაში წარწერა“, _ თბილისის საკრებულოს დღეს გამართულ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება იყო თბილისის მერს კახი კალაძესა და ოპოზიციონერ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს შორის. ხაბეიშვილს სხდომის განმავლობაში პლაკატი ჰქონდა აღმართული, რომელსაც ეწერა, რომ უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის დღეში 1.18 ლარია გამოყოფილი.
კახი კალაძის განცხადებით, მერია მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის და მათ შორის ოპოზოციასთან საქმიანი ურთიერთობისთვის.
„მზად ვარ შევხვდე ოპოზოციასაც, ყველას კარი ღიაა. როდესაც სიცრუეზე საუბრობთ, არც ერთ ტყუილს არ გაპატიებთ და არ გაგიტარებთ, ის წლები, როდესაც ყველას თავზე აჯექით, დასრულებულია. სიცრუით და დემაგოგიით არაფერს გაგიტარებთ”, _ განაცხადა კახი კალაძემ.
საკრებულოში თბილისის 2018 წლის ბიუჯეტზე მსჯელობენ. სხდომას კახი კალაძეც ესწრება. მომავალი წლის ბიუჯეტი 861 მილიონი ლართ განისაზღვრა, რაც წინა წლის ბიუჯეტს 60 მილიონით აღემატება.