“მისი ჯანმრთელობა იმდენად მძიმეა, მე არც კი ვიცი რამდენი ხანი შეიძლება კიდევ ასეთ მდგომარეობაში ადამიანმა გაძლოს” – ამბობს მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია. გარდა ამისა, მისივე თქმით, ევროპარლამენტში მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იმსახურებს იმ მდგომარეობას, რომელშიც ის აღმოჩნდა.
“ძირითადად იმ ჰუმანიტარულ ფარგლებში ვიყავით, რა თქმა უნდა, მაგრამ ისიც აღინიშნებოდა, რომ საქმე ეხება ადამიანს, რომელმაც შექმნა სახელმწიფო,შექმნა სახელმწიფო ინსტიტუტები მისი ფასი, იმ ადამიანებმა, რომლებსაც ვესაუბრეთ ძალიან კარგად იციან და მითუმეტეს მიაჩნიათ, რომ ის ადამიანი არ იმსახურებს იმ მდგომარეობას, რომელშიც ის აღმოჩნდა. მისი ჯანმრთელობა იმდენად მძიმეა, მე არც კი ვიცი რამდენი ხანი შეიძლება კიდევ ასეთ მდგომარეობაში ადამიანმა გაძლოს… დღეს ყველგან ისმოდა ის განგაშის განწყობილება ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენ შევხვდით, იმიტომ, რომ მათ ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ადამიანს აქვს დათვლილი დღეები” – ამბობს ალასანია.
შეგხსენებთ, რომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო.
მიღებულია ცვლილებაც, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხება, ახალ ვერსიაში საუბარია, რომ “საქართველოს ხელისუფლებამ გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უფლება, გაიაროს სათანადო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარული ნიშნით და როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და განიხილოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები მედიის მუშაკებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია საშუალებების მფლობელების ან ახლო ოჯახის წევრების წინააღმდეგ”.
წყარო: mtavari.tv