პოლიტიკის ექსპერტი მამუკა არეშიძე ,,ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამჟამად მმართველი გუნდი რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატს განიხილავს, რომელთა შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია. ამასთან, როგორც არეშიძე აცხადებს, ამ პროცესებში გადაწყვეტილების მიმღები ბიძინა ივანიშვილის პოზიცია იქნება.
,,დაახლოებით, თვენახევრის წინ რომ გეკითხათ, გეტყოდით, რომ ძალიან მაღალია ალბათობა იმისა, რომ გიორგი კვირიკაშვილი გახდეს ,,ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი. ახლა სხვა კანდიდატები სახელდება, თუმცა არც კვირიკაშვილია ამოღებული სიიდან. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ელოდებიან რა პოზიციაზე იქნება ბიძინა ივანიშვილი. ვიცი, ივანიშვილმა რამდენიმე ადამიანს შესთავაზა პრეზიდენტის თანამდებობა, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეთანხმდნენ. რაც შეეხება თავად ბიძინა ივანიშვილის გაპრეზიდენტებას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ივანიშვილს აქვს ორმაგი მოქალაქეობა, ის საფრანგეთის მოქალაქეც არის, თუმცა, ვერ გეტყვით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის აღნიშნული ფაქტი მისთვის მთავარი ხელისშემშლელი გარემოება იქნება. უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილისთვის ღია პოლიტიკაში ყოფნა არის არაკომფორტული. განსაკუთრებული გარემოებების გარეშე ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გადაწყვეტს“, _ განაცხადა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ოქტომბერში საქართველოს ამომრჩეველი პრეზიდენტს ერთჯერადად, 5 წლის ვადით აირჩევს. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, სადაც გადაწყვეტილებას ამომრჩეველი მიიღებს.