22 აპრილს , საქართველოს რეგიონული ჩემპიონატის პლეიოფის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ოზურგეთის სარაგბო კლუბმა „არწივებმა“ პირველი გასვლითი მატჩი თელავში, აღმოსავლეთის მე-2 ადგილოსანი ადგილობრივი „ჭადარის“ წინააღმდეგ ჩაატარა.
კლუბ “არწვების“ ხელმძღვანელის, თენგიზ კალანდაძის თქმით, გუნდი კარგად მომზადებული და საკუთარ თავში დარწმუნებული შეხვდა ამ შეხვედრას.
“ბრწყინვალედ ჩაატარეს მატჩი და მოიპოვეს დამსახურებული გამარჯვება, ანგარიშით: 8-0. აღნიშნული გამარჯვება არის შედეგი გუნდის ხელმძღვანელობის, მთავარი მწვრთნელის და თითოეული მოთამაშის თავდადებული გარჯის. როგორც ყოველთვის, არც ამ შეხვედრაში გვაკლდა ერთგულ გულშემატკივართა მხარდაჭერა. გუნდს აქტიურად ქომაგობდნენ, როგორც ოზურგეთიდან, ასევე დედაქალაქიდან ჩამოსული ქომაგები.
აღნიშნულ შეხვედრას ჰქონდა დიდი პრინციპული მნიშვნელობა, რის დასტურიც არის საქართველოს რაგბის ხელმძღვანელობის დასწრება აღნიშნულ მატჩზე. თამაშს ესწრებოდნენ საქართველოს რაგბის კავშირის რეგიონების სამსახურის უფროსი ბატონი გაიოზ მონიავა, რაგბის კავშირის ფინანსური დირექტორი ბატონი მიხეილ კალანდაძე და სხვა ხელმძღვანელი პირები.
„არწივები“ მომდევნო შეხვედრას მომავალ კვირას „ზვანი არენაზე“ თელავის „ჭადარი“-ს წინააღმდეგ გამართავს. იმედია, გულშემატკივარი არც ამ თამაშზე დატოვებს ჩვენს გუნდს ყურადღების გარეშე“, _ ამბობს კალანდაძე.