საქართველოში ნარჩენები განსაკუთრებულ ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს _ დღემდე ის რჩება ეკოსისტემების დაბინძურებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების წყაროდ. ამასთან, ჩვენთან არსებული სამწუხარო პრაქტიკა გულისხმობს ნარჩენების განთავსებას უკონტროლო, არაოფიციალურ ნაგავსაყრელებზე _ უახლოეს ხევებში, გზების პირას და მდინარეების ნაპირზე, ყოველგვარი უსაფრთხოების ზომების და სანიტარულ–გარემოსდაცვითი ნორმების უგულებელყოფით.
საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად, პოლიგონებზე ხვდებოდა და ხვდება სამრეწველო, სამშენებლო, სამედიცინო, ბიოლოგიური, სასოფლო–სამეურნეო და სხვა სახის სახიფათო ნარჩენები.
სპეციალისტების დასკვნით, ქვეყანაში მოქმედი ნაგავსაყრელების უმრავლესობა არ შეესაბამება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს და ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო დირექტივებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
აღსანიშნავია, რომ მყარი ნარჩენების საერთაშორისო სტანდარტებით მართვა საქართველოს მიერ ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. ამ ვალდებულების შესრულებაზე რამდენიმე უწყებაა პასუხისმგებელი, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც ამ პრობლემას ვერ უმკლავდება; შესაბამისად, ე. წ. სტიქიურ ნაგავსაყრელებს ბევრ ადგილზე შეხვდებით.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ლანჩხუთში, სადაც მუნიციპალური ნაგავსაყრელი დახურულია და ნაგავი სხვა მუნიციპალიტეტში მიაქვთ. მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი ამბობს, რომ პრობლემის მოგვარებას ცდილობენ:
_ მარტისთვის ველოდებით დამატებით ურნებს, რომ ცენტრალურ გზასთან ახლომდებარე სოფლებში დავდგათ, _ ამბობს სარიშვილი.
_ იმ სოფლებზე არ ფიქრობთ, რომლებიც ცენტრალური გზისგან მოშორებითაა?
_ რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, მაგრამ იქ გზის პრობლემაცაა. სამწუხაროდ, შიდა გზები ისეთ მდგომარეობაშია, რომ ნაგავშემკრები მანქანა ასვლას ვერ მოახერხებს.
_ ბატონო ალექსანდრე, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესახებ გსმენიათ?
_ კი, რა თქმა უნდა და აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. როგორც გითხარით ველოდებით ახალ ურნებს.
_ სანამ ურნებს მიიღებთ, მანამდე მოსახლეობამ ნაგავი სად წაიღოს?
_ ეზოებში უნდა გააკეთონ ორმოები. რის დაწვაც შეიძლება, დაწვან. მოსახლეობამაც უნდა შეგვიწყოს ხელი. არ ვამბობთ, რომ ეს პრობლემა არ არის, მაგრამ ვმუშაობთ. დაფინანსებაც გავუზარდეთ დასუფთავების სამსახურს; ვთანამშრომლობთ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთანაც, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სარიშვილმა.
სპეციალისტების დასკვნის მიხედვით, სტანდარტებთან მიახლოებულია მუნიციპალური ნაგავსაყრელი ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თუმცა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებობს სოფლები, სადაც ნაგვის ურნებიც კი არ დგას და, შესაბამისად, მოსახლეობა სტიქიურ ნაგავსაყრელებს ქმნის.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ „თუ ვაცლით (?!), იმუშავებენ“:
_ თუ გვაცლით მუშაობას, თუკი დაგვეხმარებით და ხელს შეგვიწყობთ, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ ყველაფერს.
_ ჩვენ ხელი როგორ უნდა შეგიწყოთ და რაში დაგეხმაროთ?
_ ობიექტურობით და ჭკვიანად ყოფნით. რა ვიცი(?!).
_ ბატონო კონსტანტინე, სტიქიური ნაგავსაყრელების პრობლემაზე გესაუბრებით. გაქვთ ინფორმაცია, რომ სოფლებში რთული მდგომარეობაა და რომ ამ პრობლემის მოგვარება ევროკავშირთან აღებული ვალდებულებებითაც გევალებათ? _ ამ კითხვაზე შარაშენიძემ პასუხი არ გაგვცა და ტელეფონი გაგვითიშა.
სტიქიური ნაგავსაყრელების სიმრავლეა ჩოხატაურშიც _ უმეტეს სოფლებში, ნაგვის ურნების არარსებობის გამო, დაბინძურებულია საუბნო და ცენტრალური გზები, მდინარეები, სადაც ინერტული მასალაც კი იყრება.
ურნების დადგმას და დამატებას ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას დიდი ხანია პირდება, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურში ამბობენ, რომ ნაგვის გამოტანა მხოლოდ იმ სოფლებიდან ხდება, სადაც ნაგვის ურნები დგას _ მარტივად რომ ვთქვათ, სუფთავდება მხოლოდ დაბა ჩოხატაური და მასთან ახლო მდებარე სოფლები.
უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ყველაფერთან ერთად, პრობლემას საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონეც ქმნის _ ქუჩაში, მდინარეში, ბუნებაში ნაგვის დაყრა რომ არ შეიძლება, ეს ჯერ კიდევ ვერ გაგვიგია და გვავიწყდება, რომ ნაგვის თვალთახედვიდან მოშორება არ ნიშნავს მის გაქრობას.
_ სად დავყაროთ, სად წავიღოთ? წლებია, ნაგის ურნების დადგმას ვითხოვთ, მაგრამ უშედეგოდ. ფული არ გვაქვსო, გვეუბნებიან. მთელი სოფელი ნაგავს მდინარეში ყრის. განა არ გვრცხვენია, მაგრამ გამოსავალი არ გვაქვს, _ ამბობენ „გურია ნიუსთან“ საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდივანის საჯარო სკოლის პედაგოგები.
მათივე ინფორმაციით, ურნების დადგმის აუცილებლობაზე საჯარო წერილი დაწერეს, ხელმოწერებიც შეაგროვეს და მუნიციპალიტეტის მერიას დახმარებისთვის მიმართეს, თუმცა, შედეგი არც ამ აქტივობას მოჰყვა.
დიდივანში მერის წარმომადგენელი ელენე ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მოსახლეობის თხოვნა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას გადასცა:
_ გვითხრეს, რომ ნაგვის ურნებს დადგამდნენ, მაგრამ ნაგვის გატანას ვერ მოახერხებდნენ, _ ამბობს ზაქარეიშვილი.
მისივე თქმით, სოფელში ნაგავს ეზოებში გათხრილ სპეციალურ ორმოებში ყრიან და მდინარეს არავინ ანაგვიანებს, რასაც უარყოფენ ადგილობრივები.
დიდივანის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი რამიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სოფელში ჩამომავალი მდინარე სუფსა ნაგვით სავსეა:
_ სხვა ალტერნატივა არ არსებობს, არავის აქვს ეზოში ორმო _ ყველა მდინარეში ყრის. ადრე მდელოზე ყრიდნენ და გარემოს დაცვამ გაფრთხილება მოგვცა. მას შემდეგ სოფლის ნაგავი მდინარეში იყრება. ვიცით, რომ ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ხელისუფლება სხვა გამოსავალს არ გვიტოვებს. ურნებს დაგიდგამთ, მაგრამ ნაგავს ვერ გავიტანთო? ეს პასუხია? ბუკისციხეს, გოგოლესუბანს, შუა ამაღლებას თუ სჭირდება ნაგვის გატანა, დიდივანმა რა დააშავა? გაჭირვებული ქვეყნის ხელისუფლება გაჭირვებულად უნდა ცხოვრობდეს _ მოიკლონ პირადი სარგებლობისთვის გამოყოფილი საწვავი და ნაგვის მანქანას ჩაუსხან. სირცხვილია რაც სოფლებში ხდება, _ ამბობს რამიშვილი.
მისივე თქმით, სოფელში ჩამოსული სტუმრები დანაგვიანებული გარემოთი ძალიან შეწუხებულები არიან:
_ განსაკუთრებით ზაფხულში ბევრი ტურისტი მოდის ჩვენს ხეობაში, რომელიც სამ სოფელს აერთიანებს. ყველგან ერთი და იგივე სიტუაცია ხვდებათ _ ნაგავი ქუჩაში, მდინარეში. გასულ ზაფხულს ნოე რამიშვილის შვილიშვილი, მიშელ რამიშვილი ისვენებდა ჩემს კოტეჯში. სულ წუხდა ამის გამო. მახსოვს, ნაგავი შეაგროვა და ჩოხატაურში ჩამოიტანა, თუმცა, ამას ადგილობრივები ვერ მოახერხებენ. მაშინ თქვა ბატონმა მიშელმა _ ასე ევროპაში ვერ შეხვალთ და სულ ერთ წრეზე იტრიალებთო. ასეცაა _ ხმამაღალ განცხადებებში ყველა მაგარია, თუმცა, როდესაც საქმეა გასაკეთებელი, დუმან, _ ამბობს გიორგი რამიშვილი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კუჭავას თქმით, მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს:
„ბოლო პერიოდში, ჩვენს მუნიციპალიტეტში, მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მოეწყო ნაგავსაყრელი, შეძენილი იქნა სამი ახალი ნაგავმზიდი, ასევე, 100 ნაგავშემკრები კონტეინერი. დღეისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 221 ნაგავშემკრები კონტეინერია განთავსებული, აქედან 103 დაბაში, 118 კი _ 25 სოფელში. თუმცა, ეს საკმარისი ნამდვილად არ არის და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას ვგეგმავთ.
არის კიდევ ერთი პრობლემა _ ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქის დამოკიდებულება იმ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ, რასაც სუფთა გარემოში ცხოვრება ჰქვია. იყო ურნების დაზიანების შემთხვევები, მასში ცეცხლის გაჩაღების, უფრო მეტიც, გორაბერეჟოულის ტერიტორიაზე მდინარე სუფსაშიც კი გადააგდეს.
მინდა მოვუწოდო ყველას, რომ ხელისუფლების მცდელობა ფუჭი იქნება, თუ თითოეული ჩვენთაგანი არ გავიზიარებთ პრობლემის მნიშვნელობას“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლი კუჭავამ.
_ ბატონო ირაკლი, როცა თქვენ ამბობთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობთ, სოფელ დიდივანში კი გვეუბნებიან, რომ ნაგვის ურნების დადგმაზე უარს იმ მოტივით ამბობთ, რომ დასუფთავების მანქანა ნაგავს სოფლიდან ვერ გამოიტანს… რატომ _ საკმარისი თანხა არ არის ბიუჯეტში?
_ ზუსტად მაგაზე ვსაუბრობდით, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გასაგრძელებელია. სურების ხეობის სოფლებში ნაგავშემკრები კონტეინერები ჯერ არ გვაქვს.
_ და სანამ თქვენ მუშაობთ, მანამდე მოსახლეობამ ნაგავი სად გადაყაროს? მდინარეშიც აღარ ეტევა უკვე…
_ ასეთ სოფლებს ვურჩიეთ, გამოვყოთ ერთი დღე და როცა შეაგროვებენ მყარ ნარჩენებს, კომუნალური სამსახური მოახდენს გამოტანას.
_ და სად უნდა მოახდინონ ამის შეგროვება? გაქვთ ადგილი გამოყოფილი? ან როდის ურჩიეთ, სად შეხვდით?
_ კიდევ გიმეორებთ, რომ სადაც არ გვაქვს ურნები განთავსებული, გრაფიკით შევძლებთ მის გატანას. ინფორმაციას მოგვაწვდიან წარმომადგენლები.
_ ბატონო ირაკლი, ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებას იცნობთ და იცით იმ ვალდებულებების შესახებ, რაც თვითმმართველობას აქვს ამ პრობლემის მოგვარებისთვის აღებული?
_ დიახ, ვიცი და ყველა ის ნაბიჯი, რაც გადაიდგა და გადაიდგმება ამ მიმართულებით, იქნება ამ ვალდებულების შესაბამისი.
_ წინ გადადგმული ნაბიჯის რა ეტყობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებს?
_ მეტი კომენტარის გაკეთებას აღარ ვაპირებ. ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას ამ მიმართულებით, _ გვითხრა ირაკლი კუჭავამ.
გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტების მიერ დამტკიცებული გეგმის თანახმად, 2020 წლისათვის ე. წ. „სტიქიური ნაგავსაყრელები“ აღარ უნდა არსებობდეს:
„ჩემთვის აღნიშნული პრობლემა კარგად არის ცნობილი. გეთანხმებით _ ძველი და არაკონტროლირებადი ე.წ. „სტიქიური“ ნაგავსაყრელები გარემოსდაცვითი თვალსაზრისით დიდი პრობლემას წარმოადგენს. თანამედროვე ნაგავსაყრელები ემსახურება რამდენიმე მუნიციპალიტეტს და მათი მოწყობა და ოპერირება საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ძველი ნაგავსაყრელების დახურვა და ახლის მოწყობა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. მოგახსენებთ, რომ არსებული კანონმდებლობით არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტების კომპეტენციას და ჩვენ ამ საკითხზე შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან“ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ.
მოგეხსენებათ, გურიის რეგიონში სამივე მუნიციპალიტეტს 2017 წელს შემუშავებული და დამტკიცებული აქვს „2018-2022 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა“. გეგმის მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველობებს ჩატარებული აქვთ სტიქიური ნაგავსაყრელების პირველადი ინვენტარიზაცია. ასევე, გეგმითვეა განსაზღვრული სამომავლო სამუშაოები, რომლის შედეგად, 2020 წლისათვის ე. წ. „სტიქიური ნაგავსაყრელები“ აღარ უნდა არსებობდეს.
ბოლო წლებში, ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტებში გახორციელდა მნიშვნელოვანი თანხის მობილიზება. დაფინანსება გაეზარდათ დასუფთავების სამსახურებს. ქმედითი ნაბიჯები იდგმება, რათა სერვისი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს . ჩვენ უკვე ჩავერთეთ კამპანიაში _ „დაასუფთავე საქართველო“, რომელიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და ამ კუთხით ვგეგმავთ მასშტაბური ღონისძიებების ჩატარებას.
როგორც თქვენთვის ცნობილია, გურიამ მიიღო ყველაზე „სუფთა რეგიონის“ სტატუსი. ეს დიდი პატივი, მოტივაცია და პასუხისმგებლობაა, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, სამხარეო ადმინისტრაციამ აქტიურად იმუშაოს ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხზე“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მერაბ ჭანუყვაძემ.