ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, მეექვსე უბანში, როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, ორი თვე ხდება, რაც ელექტრობოძი წაიქცა. ჩამოყრილი სადენები კი , ადგილზე მოსულმა ბრიგადამ ერთად შეკრა, ზედ მიაკონა ჩამოყრილი სატელეფონო მავთულებიც და „ ერთ-ერთ გადატეხილ ბოძზე თხასავით მიაბა.“
_შეხედეთ, 21-ე საუკუნეში ასე თხას არ დააბამს კაცი, არათუ დენის მავთულებს. ვიღაცა უნდა მოკვდეს მანდამაინც? ელექტროსადენები და ტელეფონის ხაზები ახლართულია ერთმანეთში. წაქცეული ბოძი აგერ გდია, სადენებზე დაყრილია მოტეხილი ხეები, ერთ ბოძი გამავალი არხის კიდეზეა და წყალი ძირს უთხრის. ხომ შეიძლებოდა ცემენტის ჩარჩო ჩაესხათ? ესეც მალე წაიქცევა. რამდენჯერ დავრეკეთ, ცალკე დენის კომპანიაში, ცალკე „მაგთის“ ოფისში… მოვიდნენ ერთხელ და ასე მიაბეს. ოზურგეთში ენერგოსაქმის ხელმძრვანელი პასუხისმგებლიანი კაციაო, იძახიან და იქნებ, არც ჩაიტანა იქ ამბავი ამ ბრიგადამ, ვიცით? ეს საქმეა? ამას ადამიანი არ დაიჯერებს, თუ საკუთარი თვალით არ ნახა… ამ გზაზე დადიან ბავშვები. საშინელება არ დატრიალდეს, ამის შიში გვაქვს, – ამბობენ „გურია ნიუსთან“ იქვე მცხოვრები ლია სუსანიძე, მედანი და ქეთევან ქადეიშვილები…
„გურია ნიუსი“ ესაუბრა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ოზურგეთის მენეჯერს, გია ნაკაიძეს:
_ ახლავე ჩავინიშნავ და გავარკვევ, – გვითხრა მან.
„მაგთის“ ოზურგეთის ოფისში კი გვითხრეს, რომ აღრიცხულია დაზიანებები და მორიგეობით მოხდება შეკეთება.
ვრცლად არსებული მდგომარეობის შესახებ, „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ.
[sexy_author_bio]