ნიგოითის მაჟორიტარმა ზაზა წულაძემ სხდომაზე სიტყვით გამოსვლა მადლობების სერიით დაიწყო.
„ჩვენს ადმინისტრაციულ ერთეულში დამთავრდა ტაძრის მშენებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო მეგობრებს, ჩემს კოლეგებს, აპარატის თანამშრომლებს“, _ თქვა წულაძემ, რომელმაც მუნიციპალიტეტის პირველი პირებიდან დაწყებული, რიგითი თანამშრომლებით დამთავრებული არავინ დაივიწყა, გზების დეპარტამენტის მისამართითაც გამოთქვა მადლიერება გზის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის.
„ასეთი ზაზა ჩვენ არ გვახსოვს, „ოსკარით“ დაჯილდოებაზე ვართ მგონი“, _ გაოცებას ვერ მალავდნენ საკრებულოს წევრები.
მადლობების სერიის შემდეგ კი ჯერი პრობლემებზე მიდგა, რაც ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებელთ აწუხებს და ეს საკითხი უპირველესად უწყლობას უკავშირდება.
„ნიგოითში, პირველ ბრიგადაში წყლის პრობლემაა. შევისწავლე სათავე-ნაგებობაზე წყლის დებეტი და საერთოდ არ არის, ნულია გეუბნებით. არის ალტერნატივა, სადაც პროექტი იქნება გასაკეთებელი, რომლის ღირებულება დაახლოებით17-18 ათასი ლარი იქნება. მუნიციპალიტეტის შემოსულობებიდან არ უნდა იყოს ეს რთული საქმე, დაახლოებით ორი წელი და ცხრა თვეა წყალი არაა, 80-მდე ოჯახი წყლის გარეშეა“ ამბობს ზაზა წულაძე.
ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის განმარტებით, წყლის სათავე ნაგებობის მოსაწყობად არ არის მარტივი საქმე„ მიმდინარე სიტუაციაში ვერ გეუბნებით რომ საკითხი იქნება გადაწყვეტილი, როცა იქნება თანხები გამოყოფილი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ამ პრობლემის მოგვარება, კაპიტალურად გაკეთება და არა ისე, 15-20 ათასი ლარი არ იქნება საკმარისი ამ საქმის გასაკეთებლად“, _ განმარტა ალექსანდრე სარიშვილმა.
ავტორი: სოფო წილოსანი