აშშ-ის მთავრობის ეროვნული ლაბორატორიის მიერ კოვიდ-19 წარმოშობის შესახებ მომზადებული ანგარიშის თანახმად, ჰიპოთეზა, რომელიც ამტკიცებს, რომ ვირუსმა უხანის ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონა, სარწმუნოა და შემდგომ გამოკვლევას იმსახურებს, _ ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი იმ ადამიანებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებისთვისაც დოკუმენტის შინაარსი ცნობილია.
გამოცემის ცნობით, კვლევა, რომელიც 2020 წლის მაისში კალიფორნიის ლოურენს ლივერმორის ეროვნულმა ლაბორატორიამ მოამზადა, კოვიდ-19-ის ვირუსის გენომურ ანალიზს ეყრდნობა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები კორონავირუსის წარმოშობის ორ შესაძლო სცენარს განიხილავენ : პირველი, ვირუსი ლაბორატორიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად წარმოიშვა და მეორე, ის ადამიანს რომელიღაც ცხოველისგან გადაედო. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთ საიდუმლო ანგარიშში აღნიშნულია, რომ უხანის ლაბორატორიის სამი მკვლევარი 2019 წლის ნოემბერში კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევების დაფიქსირებამდე ერთი თვით ადრე გრიპის მსგავსი დაავადებით ავად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამასთან, ჯერჯერობით დადგენილი არ არის, იყო თუ არა ეს დაავადება კოვიდ 19.
წყარო: ინტერპრესნიუსი