ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდი თბილისს 17 ივნისს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
კარენ დონფრიდი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ „თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე“ სიტყვით გამოვა. ამერიკელი მაღალჩინოსანი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. ასევე, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, შეხვედრები, ასევე, დაგეგმილია ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, განსახილველ თემებს შორისაა უკრაინის წინააღმდეგ კრემლის ომი და აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ამასთანავე, მდივნის თანაშემწე განიხილავს, თუ როგორ შეუძლია ამერიკის შეერთებული შტატებს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და კანონის უზენაესობის წინსვლასა და ეკონომიკის დივერსიფიკაციაში მხარდაჭერის გაგრძელება.
დონფრიდს 14-დან 19 ივნისამდე, ასევე, დაგეგმილი აქვს ვიზიტები აზერბაიჯანსა და სომხეთში. იგი თბილისამდე ბაქოს ეწვევა, შემდეგ კი 18 ივნისისთვის ერევანში გაემგზავრება.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, ასევე წერია, რომ სამივე სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ხაზს გაუსვამს სამხრეთ კავკასიაში ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ აშშ-ს ურყევ მხარდაჭერას.
ცნობისთვის, ეს არ არის პირველი ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნის, რამდენიმე დღის წინ საქართველოში შეხვედრები გამართა კარა მაკდონალდმაც, რომელმაც ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია როგორც ხელისუფლებისგან, ისე ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორისაგან მიიღო.
ავტორი