აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, რომელშიც ათიათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, 17 ირანული გემი გაანადგურეს, – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ძალების მეთაურმა ბრედ კუპერმა განაცხადა.
„მარტივად რომ ვთქვათ, ფოკუსირებულები ვართ ვესროლოთ ყველაფერს, რასაც შეუძლია ჩვენკენ სროლა. ჩვენ ასევე ვძირავთ ირანის საზღვაო ფლოტს – მთელ საზღვაო ფლოტს. ჯერჯერობით, გავანადგურეთ 17 ირანული გემი, მათ შორის ყველაზე ოპერატიული ირანული წყალქვეშა ნავი, რომელსაც ახლა გვერდში ნახვრეტი აქვს“, – განაცხადა კუპერმა.
მისი თქმით, ათწლეულების განმავლობაში ირანის რეჟიმი ავიწროებდა საერთაშორისო გადაზიდვებს.
„დღეს არც ერთი ირანული გემი არ მოძრაობს არაბეთის ყურეში, ჰორმუზის სრუტეში ან ომანის ყურეში. არ გავჩერდებით“, – აღნიშნა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა.
მისი თქმით, აშშ-ის ძალებმა 2 000-მდე სამიზნეს დაარტყა, მნიშვნელოვნად დააზიანა ირანის საჰაერო თავდაცვა და ირანის ასობით ბალისტიკური რაკეტა, გამშვები და დრონი გაანადგურა.
კუპერის ინფორმაციით, აშშ-სა და ისრაელის მიერ განხორციელებული დაბომბვების საპასუხოდ, ირანმა 500-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა და 2 000-ზე მეტი დრონი გაუშვა.

































































