„შეერთებული შტატები არ გამორიცხავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ან მისი ჯარების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობას, თუ ვლადიმერ პუტინი არ დათანხმდება სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელიც უზრუნველყოფს კიევის გრძელვადიან დამოუკიდებლობას“, _ განაცხადა აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში.
„არსებობს ზეწოლის ეკონომიკური ბერკეტები და, რა თქმა უნდა, არის ზეწოლის სამხედრო ბერკეტები. უკრაინაში აშშ-ის ჯარების გაგზავნის ვარიანტი რჩება „დღის წესრიგში“ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი უარს იტყვის მოლაპარაკებაზე“, _ თქვა ვენსმა.
მისი თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებებმა შეიძლება გამოიწვიოს “გარიგება, რომელიც ბევრს შოკში ჩააგდებს”. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს ტრამპს შეუძლია შეიცვალოს შეხედულება გარკვეულ საკითხებზე. მისი ადმინისტრაციის მიზანი ახლა არის, დაარწმუნოს პუტინი, რომ დიპლომატიური გზით უფრო მეტს მიაღწევს, ვიდრე ბრძოლის ველზე.
ვენსმა დასძინა, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ უკრაინის რა ნაწილი შეიძლება დარჩეს რუსეთის კონტროლის ქვეშ ან უსაფრთხოების რა გარანტიები შეიძლება შესთავაზონ კიევს აშშ-მ და სხვა დასავლეთის ქვეყნებმა. მისი თქმით, ეს დეტალები სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს უნდა დამუშავდეს. “არსებობს მრავალი ფორმულირება და კონფიგურაცია, მაგრამ ჩვენ გვაღელვებს უკრაინის სუვერენული დამოუკიდებლობა”, – განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.
ვენსმა, ასევე, ილაპარაკა რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვაზე წარმატებული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ და თქვა, რომ მოსკოვის ამჟამინდელი იზოლაცია დასავლური ბაზრებისგან მას „პეკინის უმცროს პარტნიორად“ აქცევს.