აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ-ის კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსები მიიღებენ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც მას კათოლიკურ ტაძრებში ზიარებაზე უარს ეტყვიან. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა, CNN – ს ჟურნალისტს განუცხადა.
„ეს პირადი საკითხია და არა მგონია, რომ ეს მოხდეს“, – განაცხადა ბაიდენმა.
CNN-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის კათოლიკე ეპისკოპოსების კონფერენციამ ყოველწლიურ ყრილობაზე მხარი დაუჭირა კათოლიკეების ზიარების საკითხების მარეგულირებელი ინიციატივის შემუშავებას, რომლის მიხედვითაც აბორტების მხარდამჭერი ამერიკელი პოლიტიკოსები, მათ შორის, ჯო ბაიდენი ზიარებას ვერ შეძლებენ.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულმა საკითხმა ეპისკოპოსებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა ყრილობის მონაწილეთა უმრავლესობამ (168 მომხრე, 55 წინააღმდეგი) წინადადებას მხარი დაუჭირა.
როგორც ტელეკომპანია აცხადებს, ინიციატივაზე მუშაობა ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება, შემდეგ ის ცვლილებების შესატანად კონგრესს წარედგინება, საბოლოო კენჭისყრა კი ნოემბერშია დაგეგმილი. ამის შემდეგ დოკუმენტი ვატიკანმაც უნდა დაამტკიცოს, რის გაკეთებასაც, ამერიკული მედიის ცნობით, წმინდა საყდარი არ აპირებს და ამ საკითხზე გადაწყვეტილების გამოცხადებას გადადებს.
მერაბ ცაავა