აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
კანონპროექტმა 417 მხარდამჭერი და 10 საწინააღმდეგო ხმა მიიღო.
კანონპროექტი შემდეგ ეტაპზე უნდა გადაეცეს აშშ-ს პრეზიდენტს. აქამდე, 7 აპრილს კანონპროექტს მხარი დაუჭირა აშშ-ს სენატმა.
უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტი დააჩქარებს უკრაინისთვის ომის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების გადაცემას, ბიუროკრატიული პროცედურის შემცირებით. აქტი იძლევა შეიარაღების დე ფაქტოდ გაჩუქების შესაძლებლობას, დებულებით, რომ მიმღები ქვეყანა აშშ-ს მომავალში გადაუხდის.
ცნობისთვის, ლენდ-ლიზი, სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაეხმარა აშშ-ს მოკავშირეებს ადოლფ ჰიტლერის ნაცისტურ გერმანიასთან გამკლავებაში, რადგან ამერიკას მიეცა შესაძლებლობა, დამატებითი პროცედურების გარეშე პარტნიორები სწრაფად მოემარაგებინა.
პროგრამის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატები ამარაგებდა გაერთიანებულ სამეფოს, საბჭოთა კავშირს, ჩინეთს, საფრანგეთსა და სხვა მოკავშირე სახელმწიფოებს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალით, იარაღით, სურსათით და სტრატეგიული ნედლეულით, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა მოკავშირეების მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში.
სანაცვლოდ, ბრიტანეთისაგან შტატებმა მიიღო სამხედრო ბაზები ნიუფაუნდლენდში, ბერმუდის კუნძულებსა და კარიბის ზღვაში. პროგრამა დაიწყო 1941 წლის მარტში, ომის დაწყებიდან 18 თვის შემდეგ.
პროგრამის ფარგლებში ამერიკამ გასცა 50.1 მილიარდი დოლარის (2022 წლის ფასებით, დაახლოებით 700 მილიარდის ეკვივალენტი) ღირებულების დახმარება: 31.4 მილიარდი ბრიტანეთს, 11.3 მილიარდი საბჭოთა კავშირს, 3.2 მილიარდი საფრანგეთს და 1.6 მილიარდი ჩინეთს. საპირისპიროდ ლენდ–ლიზმა (მოკავშირეთა მიერ აშშ–სთვის გაწეული დახმარება) შეადგინა 7.8 მილიარდი დოლარი, აქედან 6.8 მილიარდი მოდის ბრიტანეთსა და თანამეგობრობის ქვეყნებზე.